7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საზოგადოებას მიმართავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც მის სამართლებრივ ინტერესებს იცავს, საზოგადოებისადმი მიმართვას უცვლელად ავრცელებს.
„მარტის აქციაზე ვიყავი იმ მიზეზით, რა მიზეზითაც იყო ყველა სხვა მოქალაქე -ვაპროტესტებდი რუსულ კანონს, რომელიც ჩვენი ევრო ინტეგრაციის გზაზე წარმოშობდა სხვადასხვა პრობლემებს. ჯერ სტატუსის მინიჭებაზე არ მივსულვართ და ხელისუფლებამ გამიზნულად დაიწყო ისეთი ქმედებების ჩადენა, რაც ხელს შეუშლის სტატუსის მინიჭებას.
ევროპაში ინტეგრაცია, ჩემი აზრით, ბევრ ცვლილებას მოიტანს ადამიანების ცხოვრებაში, რაც თავიდან რთული იქნება, მაგრამ საბოლოოდ შეეხება ეკონომიკას, აამაღლებს სტანდარტებს ყველა სფეროში, იქნება დემოკრატია, რომელსაც მე ამ ხელისუფლების მმართველობაში ვერ ვამჩნევ.
ეს ყველაფერი აღიბეჭდება თითოეული ჩვენგანის მატერიალურ მდგომარეობაზე და ერთხელ და სამუდამოდ დავდგებით ცივილიზებული სამყაროს გვერდით, სადაც სასამართლო სამართლიანია, ქვეყანაში არ არის ნეპოტიზმი და კორუფცია, იცავენ თითოეული მოქალაქის უფლბებს განურჩევლად მისი სქესისა, რელიგიისა, ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებების და ა.შ.
საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ძალაუფლება ჩვენს ხელშია და ის დამოკიდებულება, რომ რა აზრი აქვს, მაინც იმას იზავენ, რაც უნდათ, არასწორია. ხელისუფლებას ძალაუფლება მივეცით ჩვენ, მარტის აქციებიც მოწმობს, რომ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები შევაცვლევინოთ.
მთავარია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. რეპრესიებს ახორციელებენ ყველა მხარეს და რაც მეტს გააგრძელებენ, მით უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ იმიტომ, რომ ეს ხალხს აერთიანებს. მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ.
ხელისუფლება ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს, ჩვენი დანაშაულია. მყიფე და მიზანმიმართული რეაგირება არ ვაჩვენეთ მათ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, თორემ დღის წესრიგს დღეს ჩვენ მოვიყვანდით. ამ რეალობის შეცვლა კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.
Star Wars-იდან ერთი quote მახსენდება: ამბოხებულების პირველი ხომალდი რომ ფრინდება გეილუ ნერსეს ქალიშვილი ეუბნება თავის პატარა გუნდს: მებრძოლი ბრძოლას ერთი ბასრი ჩხირითაც მოიგებს თუ დასაკარგი არაფერი აქვსო. ამ მენტალიტეტით თუ მივუდგებით, მოგება გარანტირებულია.
მადლობა ყველას თანადგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა დიდ მოტივაციას მაძლევს. წარმატება ყველას უსამართლოებასთან წამოწყებულ საქმეში!”
➡️ 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. ბრალდებული სასჯელაღსრულების…
Posted by ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center on Saturday, September 30, 2023