მე გაძლევთ პირობას, რომ მთავარია, ახლა ჩვენ გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და მერე ყველაფერი სხვაგვარად იქნება, – ამის შესახებ ვერის ბაღში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა განაცხადა.
“აქ ვხედავ სახეებს, რომლებიც მთელი ცხრა წელიწადი ერთად ვიდექით იმ ტყვიებში, ცეცხლში, გაზის გაშვების პერიოდში, ათასი უბედურება გადავიტანეთ და მაშინ არ შეგვშინებია.
მინდამ აქედან ვუთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ – დღეს აქ იმიტომ კი არ შევიკრიბეთ, რომ თქვენი გვეშინია, ჩვენ არჩევნების მეორე ტურში დაგამარცხებთ თქვენ ძალიან ძალიან დიდი გამარჯვებით, დიდი პროცენტით აუცილებლად!
მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანად არიან განაწყენებული და მხოლოდ იმიტომ არ მოვიდნენ არჩევნებზე, შედეგიც ასეთი იმიტომ დადგა. თუმცა, მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს გვერდში იდგნენ და სისხლით და მთელი ძალისხმევით მოვიპოვეთ 2012 წლის გამარჯვება“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
მისი თქმით, ადამიანები უკვე აცნობიერებენ, რა რეალობის წინაშე დადგნენ.
„გაიხსენეთ ჩემი ტრაგედია, როდესაც ახალგაზრდა 40 წლის ქალს დამიმთავრეს აბსოლუტურად ყველაფერი: დედობა, ბებიობა. ახლა უკვე დახუნძლული უნდა ვიყო შვილიშვილებით და არაფერი აღარ დამრჩა ამ ცხოვრებაში. კიდევ კარგი, რომ დისშვილები მყავს და ისეთი ახლობლები, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვცოცხლობ ზუსტად თქვენთვის, ხალხისთვის. მე ვცდილობდი, რომ ხელისუფლებამდე მიმეტანა ეს ხმები და ვახერხებდი ხშირ შემთხვევაში, რომ ყველას დავხმარებოდი, რითაც შემიძლია. ახლა მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ეს ჩემი ტრაგედია გაითავისეთ! თუ ესენი დაბრუნდნენ, აუცილებლად იქნება სხვა ბუტა, სხვა გიორგი, სხვა სანდრო და მიყვება ამას ასეთი უბედურება, და არავინ არ არის დაზღვეული, რომ მის შვილებს არ შეეხებიან.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ იმ ჯოჯოხეთის დაბრუნება, რაშიც ვიყავით, ეს გამორიცხულია და ძალიან ბევრს შეიძლება, ეს არ მოსწონდეს, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე და ეს არ უნდა მოხდეს არაფრით. ამიტომ შევქმენით სამოქალაქო მოძრაობა, რომ არჩევნების გზით გამოვაფხიზლოთ და გამოვაღვიძოთ“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.
ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენეს.