LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი ღირებულება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მათი უსაფრთხოებაა – “ევროპული საქართველო” ვაქცინაციის კამპანიას იწყებს

46
1

“აუცილებელია, ჩვენ გარშემო მოქალაქეებს აქტიურად ავუხსნათ, რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია, რომ ის მითების ნიაღვარი  საფრთხეების და მავნებლობის შესახებ არის სრული სიცრუე.” – აცხადებენ “ევროპულ საქართველოში” და ამბობენ, რომ პარტია ვაქცინაციის კამპანიას იწყებს.

კამპანიის შესახებ დღეს ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ და პარტიის წევრმა, ვახტანგ კალოიანმა ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ის მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება.

მათი განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებსაც რეგისტრაციის პრობლემა აქვთ, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე, ასევე “ევროპული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციები მოქალაქეებს ადგილებზე დაეხმარებიან და აცრაზე დაარეგისტრირებენ:

“ყველა ვხედავთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. ყოველდღე ჩვენი ქვეყანა იხდის უმძიმეს ფასს ადამიანების სიცოცხლით და ჯანმრთელობით იმის გამო, რომ გვყავდა და გვყავს მთავრობა, ივანიშვილის რეჟიმი, ყველა მისი პრემიერ-მინისტრი, ბოლო პერიოდის გუნდი, რომელმაც პირდაპირ რომ ვთქვათ, ფეხებზე დაიკიდა საკუთარი მოქალაქეების ბედი და მთავარი ინსრუმენტი, რითიც უნდა დაეცვა ჩვენს ქვეყანას თავი – ვაქცინის შემოტანა ჩააგდო მთლიანად.

ეს არის უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული და ვიმეორებ, ამ დანაშაულის ფასს იხდის ჩვენი ყველა მოქალაქე სხვადასხვა ფორმით, ზოგი ტრაგიკულად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ამ ვითარებას ვეღარ შევცვლით.” – თქვა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, ის, რომ ვაქცინა დროზე უნდა შემოეტანათ, სამწუხაროდ, ჩავლილია, მაგრამ არის მეორე საკითხი, რომ ბიძნა ივანიშვილის რეჟიმი უპასუხისმგებლოდ მოიქცა:

“ეს არის როგორც მოქალაქეების ინფორმიება, ისე მთავრობის სრულფასოვანი კამპანია, რომ აუხსნან ყველა მოქალაქეს, რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენს გარშემო მყოფები.

აქ იძულებაზე არ არის საუბარი იმიტომ, რომ აქ ვერ შელახავ ადამიანის უფლებას, ვერ დააძალებ ამას და ეს არც იმუშავებს, აქ არის საჭირო ინფორმირება და ხელმისაწვდომობა, ამ ვითარებაში “ევროპული საქართველოს” გუნდს, არ გვაქვს ილუზია, რომ სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს, მის ნაცვლად, მთლიანად მის ჩანაცვლებას ვინმე შეძლებს, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ ყველა აქტიური მოქალაქის, საზოგადოების აქტიური ნაწილის, მათ შორის პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების ვალია, რომ რითაც შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ უმძიმესი ვითარებისას საქმეში, რომ მოქალაქეებმა მეტი იცოდნენ და ხელმისაწვდომობა ქონდეთ.

ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება ჩვენი მასშტაბით, ჩვენი რეგიონული ოფისების მეშვეობით, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს აქტიურად ავუხსნათ, რატომ არის აუცილებელი ვაქცინიზაცია, რომ ის მითები და კონტრკამპანია, არის სრული სიცრუე საფრთხეების და მავნებლობის შესახებ.

ჩვენს საზოგადოებაში არიან მოქალაქეები, და ეს არ არის მცირე ჯგუფი, რომელთაც არ მიუწვდებათ ხელი კომპიუტერთან, შესაძლებელია არ აქვს ამის ცოდნა ან საშუალება, ამისთვის ვაცხადებთ ცხელ ხაზს. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ “ევროპული საქართველო” ან, რომელიმე ჯგუფი ცალკე აღებული, გადაწყვეტს ამ პრობლემას, ამას ნორმალური მთავრობა სჭირდება, მაგრამ წვლილი უნდა შევიტანოთ და განგაშის ზარი უნდა იყოს ჩვენს გარშემო ყველგან, ვისაც აქვს აბსოლუტურად უსაფუძვლო ილუზია, რომ აცრის გაკეთება არ არის საჭირო.” – განაცხადა ბოკერიამ ბრიფინგზე.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ვახტანგ კალოიანის თქმით, 5 აგვისტოდან, 10:00-დან 22:00 საათამდე, გააქტიურებული იქნება პარტიის ცხელი ხაზი – 800 222, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება:

“პანდემია უდიდესი გამოწვევაა, ერთადერთი დაცვა მისგან არის ვაქცინაცია, რომლის ტექნიკური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

“ევროპული საქართველო” მისი რეგიონალური ოფისების, მხარდამჭერების, აქტივისტების საშუალებით ყველანაირად, არამარტო ცხელი ხაზით, არამედ ფიზიკურად ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, რათა იოლად მიაღწიონ ვაქცინამდე, შეძლონ აცრა, რა თქმა უნდა, მხოლოდ არგუმენტით და დარწმუნების გზით, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვაქცინაციას ვერ შეძლებენ, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ძალიან ხშირად გაიკეთონ ტესტირება, რათა ამით მაინც დაიცვან თავი და დაიცვან მისი ახლობლები. ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვლენოვანესი შემადგენელი ნაწილი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ ვაქცინა, რისგან გვიცავს ვაქცინა და რაც მთავარია, რეალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის.

ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, ეს არის ცხელი ხაზის მექანიზმი, ეს არის მხარდაჭერის მექანიზმი, ეს არის ვაქცინაციის ცენტრებთან მიყვანის გზა, ეს არის ტესტირების ცენტრებთან მიყვანის გზა. ჩვენი კამპანიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა ამას, რადგან ერთადერთი მთავარი ღირებულება, რაც ამ ქვეყანაში გვაქვს, ეს არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება.” – თქვა კალოიანმა.