ესეც ასე: რუსეთი წაქცეულია. რაგბიში თუ რაიმე გამორჩეულად გვიხარია და განსაკუთრებულ ამოცანად მიგვაჩნია, ეს რუსეთის ნაკრების დამარცხებაა. ხშირად ხდება ისე, რომ რუსებთან მატჩს სპორტული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ ქონია, მაგრამ სწორედ ამ ბრძოლაში ვლინდება ბევრად მეტი, ვიდრე რაგბის თამაშია. ჩვენი ბორჯღალოსნები კი აგერ უკვე რამდენი წელია კაცურად, ჯიგრულად, პატრიოტულად აკეთებენ თავის საქმეს და მართლაც რომ საქართველოს ლელოს დებენ.
ვითომ რა განსაკუთრებული ეს შეხვედრა იყო, მაგრამ ასეც არ არის, რაღაცეები იცვლება. ეს რუსეთი ის აღარ არის, მშრალად რომ ვუგებდით და დღევანდელ თამაშამდეც იყო გარკვეული თავშეკავება და მეტოქის განადგურებაზე თამამად ვეღარ ვსაუბრობდით. თუმცა რუსებს საქართველომდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია და ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბისა და ჩვენი ნაკრების თითოეული წევრის დამსახურებაა.
მადლობა ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ!
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რუსეთთან რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობაში ხუთი ცვლილება გააკეთა – ორი ხაზში და სამიც შერკინებაში.
თამაში კი დაძაბული გამოდგა. ამის დასტურად პირველი ნახევარი მასობრივი ჩხუბით დასრულდა.
ანგარიში ქართველებმა გახსნეს: მერვე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ შორეული ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ბორჯღალოსნები წინ გაიყვანა – 3:0. ამის შემდეგ, რუსებმა ჩვენს ლელოსთან საკმაოდ სახიფათო შეტევები განახორციელეს, თუმცა ქართველებმა თავის დაცვა კარგად მოახერხეს. მთლიანობაში, მატჩის ხარისხს დაღი ძლიერმა წვიმამ დაასვა, რომელიც მორაგბეებს სწრაფი შეტევების განხორციელების საშუალებას არ აძლევდა.
ამას მოჰყვა ბორჯღალოსნების რამდენიმე სახიფათო შეტევა მეტოქის ჩათვლის მოედანთან, 31-ე წუთზე კი რუსებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.
ტაიმის ბოლოს ქართველმა მორაგბეებმა მაინც შეძლეს რუსების გატეხვა და ხანგრძლივი შეტევის შემდეგ მსაჯმა ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა და ტაიმიც 10:3 მოვიგეთ.
მეორე ტაიმი კი უდაოდ ჩვენი გამოდგა. ლელო დადო გიორგი ცუცქირიძემ. მართალია რუსებმა ერთი საჯარიმოთი ანგარიში შეამცირეს, მაგრამ მალე ჩვენებმა მასპინძლები ერთხელაც დაალელოვეს. ლელო მირიან მოდებაძემ დადო, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გარდასახა – 6:22. პრინციპში აქ უკვე გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა, მით უმეტეს, რომ რუსები მეორე ტაიმში შეტევაში ფაქტობრივად არც წამოსულან.
გიორგი ცუცქირიძის ლელო
მირიან მოდებაძის ლელო
და კიდევ:
კაჭარავამ კრასნოდარში 114-ე კეპი მოიხვეჭა და ყველაზე მეტი კეპის მქონე მერაბ კვირიკაშვილთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. 90-ე სანაკრებო თამაში ჩაატარა ნემსაძემ.
75-ე კეპს მოიხვეჭა სუთიაშვილმა, ხოლო თხილაიშვილისთვის რუსეთთან მატჩი 50-ე გამოდგა. ნაკრებში მე-40-ე თამაში ჩაატარა ზურაბ ჟვანიამ, გიორგაძეს კი მისი ნახევარი, 20 დაუგროვდა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამური რაოდენობა კი 520-ია, საიდანაც 280 მორკინალებზე, ხოლო 240 ხაზის მოთამაშეებზე მოდის.
საქართველო 26 წელია რუსეთს ამარცხებს, “დათვებს” ჩვენთვის 1993 წლის შემდეეგ არ მოუგიათ, დღევანდელი წაგებით კი ქართველებმა რუსებს მესამე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა მოუსპეს.
მატჩის შემდეგ რაგბი ევროპის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებული კი საკითხავი არც არის – საქართველო!