LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთა, ზღვა, ექსტრემალური გართობა და ტრადიციული კერძები – რა ელოდებათ აჭარაში ჩასულ ტურისტებს წელს

806
აჭარა

თუ ჯერ ვერ გადაწყვიტეთ, ზაფხულის შვებულება ზღვის სანაპიროზე გაატაროთ თუ მთებში სუფთა ჰაერითა და ულამაზესი ხედებით დატკბეთ, ეს სტატია უნდა წაიკითხოთ.

კანიონინგი, ზიპლაინი, ჯომარდობა, კვადროტური, ტრადიციული კერძების დაგემოვნება და მასტერკლასები იმ ტურისტულ სერვისებს შორისაა, რომლებიც წელს აჭარაში ჩასულ სტუმრებს დახვდებათ. ექსტრემის მოყვარულ მოგზაურობს რეგიონში განსაკუთრებული სიახლეები ელით. ულამაზესი მხარე ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს მრავალფეროვან და საინტერესო დასვენებას ჰპირდება.

აჭარის ექსტრემალური ტურისტული შესაძლებლობები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, ქართული მედიის წარმომადგენლებმა გამოვცადეთ.

ჩვენი პირველი გაჩერება სოფელ კაპნისთავი იყო, რომელიც ბათუმიდან 20 კმ-ში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი კასკადოვანი ჩანჩქერებითა და საუცხოო ბუნებითაა ცნობილი. შვიდი სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერზე თოკებით დაშვება სპეციალური ეკიპირებითაა შესაძლებელი, პროცესს პროფესიონალი ინსტრუქტორები მეთვალყურეობენ, რომლებიც კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე თოკებით დაშვებაში მედიის წარმომადგენლებსაც დაგვეხმარნენ.

„ჩვენს რეგიონში ეს აქტივობა უკვე მეორე წელია არსებობს. ძირითადად, უცხოელები ინტერესდებიან, რომლებსაც ექსტრემალური ტურიზმი სხვა დროსაც გამოუცდიათ. ნებისმიერს, ვისაც სურს, განიცადოს ექსტრემი, შეუძლია მოვიდეს ჩვენთან, აბსოლუტურად არ არის საჭირო, ჰქონდეს რამე გამოცდილება. ამ აქტივობის ხიბლი ზუსტად ისაა, რომ გამოუცდელმა ადამიანმა განიცადოს ეს შეგრძნებები“, – ვახტანგ მიქელაძე, კანიონის ინსტრუქტორი, მოლაშქრე გიდი.

თუ ზაფხულში გაგრილება, დაუვიწყარი მოგონებების შექმნა, მხიარულება და არაჩვეულებრივი ბუნებით დატკბობა მოგინდებათ, სოფელ მახუნცეთს, აუცილებლად უნდა ესტუმროთ, სადაც ჯომარდობის უსაფრთხო და თავგადასავლებით დატვირთული სერვისი დაგხვდებათ. ჩვენი მოგზაურობაც სწორედ ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთში გაგრძელდა, სადაც ჯომარდობის მოყვარულებმა ჟურნალისტებმა მდინარე აჭარისწყალზე ნავით 4 კილომეტრი დაფარეს.

„დრო ახლა 30 წუთამდეა, ზაფხულში 40-50 წუთი გრძელდება. ვინც ცურვა არ იცის, მათთვის სპეციალური აღჭურვილობა გვაქვს, ასევე მიყვებიან ინსტრუქტორები, უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია, სტუმრებს შორის უცხოელი ტურისტები ჭარბობენ“, – ბესო ფარტენაძე, „მახუნცეთი რაფტინგის“ დამფუძნებელი.

მთისა და ზღვის ულამაზესი სინთეზის ნახვისას აჭარის რეგიონში გულგრილად და ემოციების გარეშე ვერც ქართველი და ვერც უცხოელი მოგზაურები რჩებიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ექსტრემალურ სერვისებს უფრო მეტად საერთაშორისო ვიზიტორები იყენებენ, თუმცა იზრდება იმ შიდა ტურისტების რაოდენობაც, რომლებსაც მძაფრი ემოციების შეგრძნება სურთ.

„საქართველოში მოგზაურობის თავგადასავალი ინტერნეტის დახმარებით დავგეგმეთ. თქვენს ქვეყანაში ეს ჩვენი პირველი ვიზიტია, 7 ადამიანი ვართ. ძალიან შთამბეჭდავია მაღალმთიანი აჭარა, ხედები დავათვალიერეთ თვითმფრინავიდან და მანქანიდან. ასეთი მაღალი მთები პოლონეთში არ გვაქვს. მოგვეწონა ბათუმის სანაპიროც, მთები, ბუნება და ზღვა – ჩვენთვის ამ ყველაფრის ნახვა ემოციური და დასამახსოვრებელია“, – პოლონელი ტურისტი.

დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო და მძაფრი შეგრძნებების შემდეგ განსატვირთად აჭარის მაღალმთიან სოფლებში არაერთი ლოკაცია გაჩნდა. ამჯერად, მედიატურის ფარგლებში ქედის რაიონის სოფელ ვაიოს ვესტუმრეთ, სადაც „ვაიო რეზორტში“ არაჩვეულებრივი გარემო, უგემრიელესი კერძები, ქართული მუსიკა და კვადროტურის შესაძლებლობა დაგვხვდა. ოჯახის მიერ დაარსებული კომპლექსი უკვე 1 წელია არსებობს და სტუმრებს კომპლექსურ სერვისს სთავაზობს. არსებობს სივრცეები წყვილებისთვის, ოჯახებისთვის და მეგობრებისთვის. ამასთან, კომპლექსი ბიზნეს შეხვედრებისა კონფერენციების დაგეგმვისთვისაც კარგი ლოკაციაა.

ბორანო, სინორი, აჭარული ხაჭაპური, ყათმერი, კაიმაღი – ეს იმ აჭარული ტრადიციული კერძების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დაგემოვნებასაც „ვაიო რეზორტში“ შეძლებთ. რესტორანში ძველი რეცეპტების გაცოცხლებასაც ცდილობენ და მსურველებს მასტეკლასებით ანებივრებენ. ამჯერად, მედიატურის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარის ერთ-ერთი უძველესი კერძი ყაისაფა მომზადდა, რომელიც ნოყიერებით არის განთქმული. საღამო „ტრიო გოგლაურას“ არაჩვეულებრივი შესრულების ფონზე წარიმართა.

„სტუმრებს ვთავაზობთ როგორც განთავსებას, ასევე სარესტორნე მომსახურებას, სადაც ქართული კერძებია წარმოდგენილი, გვაქვს ღია აუზი და საუნა. წელს ბარის სივრცეში სიახლე დაგვემატა, სადაც ლაუნჯის ტიპის სივრცეში სტუმრებს განტვირთვა შეუძლიათ. ადგილზე რამდენიმე სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, გვაქვს მარანი, მივდევთ მეფუტკრეობასაც და გვაქვს ნატურალური თაფლი, რომელიც ქედის ტყეებიდან არის მოწეული. სტუმრებს სეზონურად ჩვენს ბოსტანში მოყვანილ ბოსტნეულს და ხილსაც დავაგემოვნებინებთ. დამსვენებლებს შეუძლიათ, აღმოჩნდნენ ჯანსაღ გარემოში და გადაღლილი დღეებიდან განიტვირთონ ჩვენს სივრცეში.

ექსტრემის მოყვარულ სტუმრებს, დამატებით ვთავაზობთ კვადროტურს, რომელიც პანორამულ ხედებით არის სავსე. ჩვენი დაკვირვებით, განთავსების ნაწილში უცხოელები ჭარბობენ, სარესტორნე ნაწილში კი – ქართველები. ვგეგმავთ წვეულებებსაც, ქორწილებს, დაბადების დღეებს“, – ელისაბედ ჯორბენაძე, „ვაიო რეზორტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

ექსტრემალური აქტივობებით დაკავების საშუალება მაღალმთიანი აჭარის გარდა, უკვე მწვანე კონცხზეც შეგიძლიათ. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც აჭარის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად არის მიჩნეული, ახალი ზიპლაინი გაკეთდა. აჭარის დედაქალაქიდან 9 კმ-ით დაშორებით, ულამაზეს სივრცეში, სადაც მრავალი სახეობისა და ჯიშის მცენარე ყვავის, ახლა უკვე სიმაღლიდან დაშვებასაც შეძლებთ. ზიპლაინის სიგრძე 500 მეტრია, დაშვების ხანგრძლივობა კი – 1 წუთი. ცაში მოგზაურობისას, გზად ულამაზესი ხედები იშლება. ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის ბოტანიკური ბაღი ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო ადგილია.

„ზიპლაინი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია, გადის ულამაზეს ბაღში, ხედით ზღვაზე. მისი სიგრძე 500 მეტრია, დღითიდღე უფრო მეტი სტუმარი მოდის, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია და ექვემდებარება საერთაშორისო სტანდარტს. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ სტუმრებისგან, არის ის, რომ ისიამოვნონ და დატკბნენ ხედებით“, – სერგი ავეტისიანი, „ზიპინ ჯორჯია“.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე აცხადებს, ბათუმი მხოლოდ საზღვაო ტურისტული მიმართულება აღარ არის, სეზონი გახანგრძლივდა და ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს.

„რეგიონის მთავარი სტრატეგიაა, გახდეს 4 სეზონის მთავარი ტურისტული მიმართულება, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და ეს შედეგებს უახლოეს მომავალში გამოიღებს. ჩვენი მიზანია რომ ბათუმი და აჭარის რეგიონი გახდეს ისეთი მდგრადი ტურისტული მიმართულება, სადაც ვიზიტი მთელი წლის განმავლობაში საინტერესო იქნება. ამისთვის, სახელმწიფო გეგმავს მასშტაბურ მშენებლობას ყველა მუნიციპალიტეტში, რომელიც მიზიდულობის ცენტრებს შექმნის. ჩვენ დავიწყეთ ძალიან საინტერესო პროექტები, მაგალითად, ქობულეთის ტორფნარზე ბილიკის მშენებლობა, ხიხანის ციხეზე ასასვლელი კიბეების მშენებლობა, ჭვანის ხეობის განვითარების მოდელის შექმნა, რომელიც საერთოდ შეცვლის ხეობის შესაძლებლობებს, ორზოლიანი ზიპლაინის დამატება ჩირუხის მთაზე, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. ეს პროექტები ეხმარება ადგილობრივებს, რომ თვითონაც შექმნან განსხვავებული პროდუქტები. ახლაც აჭარაში ჩამოსულ ვიზიტორებს ხვდებათ განახლებული ტურისტული სერვისები, როგორც კვების ობიექტები, ასევე, მრავალფეროვანი ინდივიდუალური სერვისები. ჩვენ უკვე გვაქვს 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მიმართულება, ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ამ მიმართულებებს აქვს თავისი ელექტრონული რუკები, რომლითაც მოგზაურობას შეძლებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები“, – თინათინ ზოიძე.

აჭარა ის ადგილია, სადაც ზღვა, მთა, მრავალფეროვანი კულტურა და სტუმართმოყვარე ხალხი ერთ რეგიონში დაგხვდებათ. ულამაზეს მხარეში ყოფნისას, ბუნებასთან ჰარმონიაში აღმოჩნდებით და ერთხელ მოგზაურობის შემდეგ, აუცილებლად გაგიჩნდებათ დაბრუნების სურვილი.

გართობა, დასვენება და ახლა უკვე ექსტრემალური აქტივობებით დაკავება საკუთარ თავს ხელახლა აღმოგაჩენინებთ, ყოველდღიურ ერთფერონებას მოგწყვეტთ და სამყაროს მშვენიერებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ.