20 წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველო წელს ჩაიბარებს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას.
„20 წლის წინ – 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ აქ ამ შესანიშნავ ქალაქში – სტრასბურგში, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს – 20 წლის შემდეგ – მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ, ევროპელი!“ იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას; იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია მივიღოთ ევროსაბჭოს „ჩირაღდანი“ და მომდევნო თაობებს გადავცეთ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და მავთულხლართების გავლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნისნულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფაა
“ამ რეგიონების გაძლიერებული მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწლიურად იზრდება. ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამების და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია. რადმდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ იქნა დაკავებული და ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზი კვლავ გაურკვეველია. ნათელია, რომ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა, დაკავებული რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე”, – განაცხადა ბახტაძემ.
ამასთან, საქართველოში არჩევნების დროს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებისა და ძალადობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ უდიდესი ნაკლი, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლინდა, „ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“ იყო, თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემა კონტინენტზე მხოლოდ საქართველოს არ აქვს.
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიული მოვლენა იყო. ამ არჩევნებამდე ჩვენ გადავედით საპარლამენტო დემოკრატიაზე. და, რა თქმა უნდა, უდიდესი ნაკლი, რასაც არჩევნებზე დავაკვირდით, იყო ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი მაგალითი ჩვენს კონტინენტზე. მივიღეთ რეკომენდაციები ეუთოსგან და საქართველოს პარლამენტი ახლა მუშაობს, რათა მოახდინოს ამ რეკომენდაციების იმპლემენტაცია ჩვენს სამართლებრივ სისტემაში“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება.ვიზიტის დასასრულს პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.