LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს – რა უნდა ვიცოდეთ ნარკოტიკების შესახებ?

2755
1574765097-ნაშუადღევს-არა-ნარკოტიკს.mp4-000905480

ნარკომანია საქართველოში ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ სრული სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. რა ზიანი მოაქვს ნარკოდამოკიდებულებას და როგორ შეიძლება მოხდეს მისი პრევენცია? გადაცემის „ნაშუადღევს“ სტუმარია ექიმი-ნარკოლოგი თათა ასათიანი.

– განვუმარტოთ მაყურებელს რა არის ნარკომანია და რა ზიანის მომტანია ორგანიზმისთვის…

თათა ასათიანი: ნარკომანია ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომელიც ჩემთვის, ბუნებრივია კარგადაა ცნობილი გამომდინარე იქიდან, რომ მე ყოველდღე მაქვს შეხება მასთან. ამიტომაც კარგად ვიცი როგორი უმძიმესი პრობლემაა და რა მნიშვნელობა აქვს მასთან ბრძოლისას როგორც ადამიანის მოტივაციას, ასევე გარშემომყოფების თანადგომას.

სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებას ბოლომდე გათვითცნობიერებული არა აქვს ამ პრობლემის რაობა. ხალხს მიაჩნია, რომ ნარკომანია ადამიანის არჩევანია, რომ მათ გადაწყვიტეს ასე. ამიტომ საზოგადოება თვლის, რომ ნარკომანიით დაავადებულები გაკიცხვის, დასჯის და იზოლაციის ღირსები არიან. სწორედ ასეთია სტიგმა და საზოგადოების დამოკიდებულება. ეს სტიგმა და დაავადებულების დისკრიმინაცია კი ძალიან ართულებს დაავადების დროულ გამოვლენას და მის მკურნალობას. საზოგადოების დამოკიდებულება იწვევს ნარკომანიით დაავადებულის სოციალურ იზოლაციას და იგი ერთგვარ მოჯადოებულ წრეში ხვდება, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია.

– ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის წამალდამოკიდებულება.

თათა ასათიანი: ეს არის პროგრესირებადი, გამწვავებით მიმდინარე დაავადება რომლის დროსაც ყალიბდება სხვადასხვა საშუალებებზე ფსიქიკური და ფიზიოლოგიური, ანუ ფიზიკური დამოკიდებულება. ადგილი აქვს ამტანიანობის ცვლილებასაც. საბოლოო ჯამში ეს იწვევს არაერთ ფსიქიკურ, ორგანულ, სომატურ, ქცევით-ემოციურ და სოციალურ დარღვევას. საბოოლოო ჯამში ადამიანი ხდება სოციუმისაგან სრულიად მოწყვეტილი.

– მიუხედავად იმისა რომ საზოგადოება დღეს საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული ამის შესახებ, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მაინც არ იკლებს წამალდამოკიდებულთა რაოდენობა. რას გვეტყვით ამის შესახებ? მძიმე სოციალური ფონიც ხომ არ არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი?

თათა ასათიანი: დიახ, გეთანხმებით, ამ მიმართულებით მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს და პირველადი პრევენციის გარკვეული ზომების მიღება უკვე ხდება, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ ქართული საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული, რადგან ჩვენთან პირველად პრევენციას არა აქვს სისტემური ხასიათი, ის არის უფრო ფრაგმენტული. მიუხედავად ამისა მისასალმებელია, რომ საზოგადოებას მაინც აქვს მინიმალური ცოდნა ნარკოტიკების რაობაზე და იმ ზიანის შესახებ, რომლის მოტანაც ნარკოტიკების მოხმარებას შეუძლია.
ზოგადად წამალდამოკიდებულება არ არის ერთი ადამიანის ან ოჯახის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა, საზოგადოების კრიზისის გამოხატულება, აქედან გამომდინარე საზოგადოების როლი ძალიან დიდია.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვერ ახერხებს სოციუმში თავის დამკვიდრებას და არა აქვს შეგრძნება, რომ დაცულია, დიდი შანსია, რომ რომელიმე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაიწყოს და შემდეგ დამოკიდებული გახდეს მასზე.

სამწუხაროდ, ნარკომანია არ არის მარტივი დაავადება, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზეზი იწვევს. ეს მულტიფაქტორული დაავადებაა და ყოველთვის რამოდენიმე მიზეზის ერთობლიობითაა გამოწვეული.

– როგორც ჩემთვის ცნობილია, დასავლეთში უფრო სოციალურად დაუცველები ხდებიან ნარკოტიკების მომხმარებლები. ჩვენთან კი რაც უფრო უზრუნველყოფილია ადამიანი, უფრო დიდი შანსია ნარკოტიკი გასინჯოს და მიეჯაჭვოს. სამწუხაროდ ცოტა არ იყოს, რომანტიზებულიცაა ნარკოტიკების მოხმარება და ვიცი, რომ თინეიჯერებისთვის ძალიან ნორმალური აქტივობაა შეკრებებზე მსუბუქი ნარკოტიკების მიღება. თქვენ რას იტყვით ამაზე?

თათა ასათიანი: პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ, ნარკოლოგები, არ ვყოფთ ნარკოტიკებს მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებად. მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ყველა მათგანი იწვევს დამოკიდებულებას. ზოგი მხოლოდ ფსიქიკურს, ზოგი თავიდან ფსიქიკურ დამოკიდებულებას, რომელიც მერე გადადის უკვე ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებაში, ანუ ორგანიზმი ითხოვს ამ ნივთიერებას და მისი მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება ე.წ. „ლომკა“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით სრული სტატისტიკური მონაცემები არ გვაქვს, არსებული სტატისტიკაც სავალალოა. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ 2014 წლიდან დღემდე ინექციური ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა ოდენობის მუდმივი ზრდა შეინიშნება. თუ 2014 წელს მათი რიცხვი ქვეყანაში 50 000 ადამიანს შეადგენდა, ახლა უკვე 55 000 ადამიანს აჭარბებს. თანაც როგორც გითხარით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან ამ მონაცემებში არ შედის მოსაწევის და კლუბური ნარკოტიკების მომხმარებელთა მონაცემები.

ზოგადად, ქვეყანაში ორი ძირითადი ინდიკატორით ხდება ნარკომანიით დაავადებულთა რიცხვის განსაზღვრა. ესენია ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა და ზედოზირებით სიკვდილიანობა .

იყო პერიოდი, როცა ნარკოტიკების მოხმარება იყო რომანტიზებული და წახალისებული და ითვლებოდა ვაჟკაცობად , თუმცა საბედნიეროდ დღეს იცვლება მსოფლმხედველობა და საზოგადოების დამოკიდებულება.

დღესდღეობით მხოლოდ კლუბური ნარკოტიკებია რომანტიზებული და საფრთხე, რომელსაც მათი მოხმარება შეიცავს, არ არის სათანადოდ აღქმული. არადა, არ შეიძლება ზერელედ ვუყუროთ ამ საკითხს, რადგან კლუბური ნარკოტიკებიც, სხვა ნარკოტიკული საშუალებების მსგავსად, იწვევენ სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის ფსიქიკურს.

– უფრო დაწვრილებით რომ გვითხრათ, რა ზიანს აყენებს ნარკოტიკი ორგანიზმს?

თათა ასათიანი: ფსიქოაქტიური საშუალების მოხმარების შემდეგ ადამიანს პირველ რიგში უყალიბდება ფსიქიკური დამოკიდებულება. როგორც გითხარით, ყველა ნარკოტიკი იწვევს დამოკიდებულებას. ნაწილი მხოლოდ ფსიქიკურს, ნაწილი კი თავიდან ფსიქიკურს, რომელიც მერე გადადის ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებაში. არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი, უბრალოდ ყველა ნარკოტიკი სხვადასხვა სახის ზიანს იწვევს და ზოგი უფრო სწრაფად ახდენს დამანგრეველ ზემოქმედებას, ზოგი უფრო ნელა.

– რაიმე ახალ თვისებას თუ იძენს ნარკოტიკების მომხმარებელი?

თათა ასათიანი: პირველი, რაც ხდება, არის სოციალური კავშირების გაწყვეტა. ადამიანი ნელ-ნელა შორდება სამეგობრო და სანაცნობო წრეს, აღარ ეკონტაქტება მათ და თანდათან მისი კონტაქტი სხვებთან მხოლოდ სხვა წამალამოკიდებულ ადამიანებთან ურთიერთობით შემოიფარგლება. ადამიანი კარგავს ინტერესს და მოტივაციას, საბოლოოდ კი ხდება ინდივიდის სრული დეზადაპტაცია და საზოგადოებიდან მოწყვეტა. შედეგად წამალდამოკიდებულ ადამიანს უვითარდება დეპრესია, შფოთვითი აშლილობები და აწუხებს სუიციდური აზრები. დაავადების პროგრესირებასთან ერთად წამალი იწვევს უკვე ფიზიკურ დამოკიდებულებას, რასაც მოსდევს სხვადასხვა სახის სომატურ-ნევროლოგიური გართულებები. არ არსებიბს ორგანო, რომელსაც ნარკოტიკზე დამოკიდებულება არ აზიანებს. უბრალოდ ყველა ნარკოტიკს აქვს სხვადასხვა ზემოქმედება და მოქმედების არეალი.

– როგორ შეიძლება მოხდეს პრევენცია?

თათა ასათიანი: პირველად მინდა გამოვყო თანატოლების და ოჯახის როლი. ზოგადად საქართველოში ოჯახები ბავშვებთან ამ კუთხით ინფორმაციის მიწოდებას და პრევენციულ მუშაობას გარდატეხის ასაკში იწყებენ, როცა უკვე დაგვიანებულია.
გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ურთულესი პერიოდია. ამ დროს მოზარდი ცდილობს თვითდამკვიდრებას და როგორც წესი, მტრულად ხვდება მშობლების მხრიდან მიცემულ რჩევებს. ამ ასაკში სრულიად უშედეგოა მოზარდის დასჯა, მუქარა ან მსგავსი ღონისძიებები.
საჭიროა, ბავშვთან მუშაობა ამ მხრივ დაიწყოს უფრო ადრეულ ასაკში, კერძოდ ე.წ. „გვიანი ბავშვობის“ პერიოდში, 7-11 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი ყალიბდება პიროვნებად, ექმნება საკუთარი წარმოდგენები და სურს გაიგოს რა არის სწორი და არასწორი. სწორედ ამ ასაკში ძალიან კორექტულად და სწორად უნდა მოხდეს ზოგადი ინფორმაციის მიწოდება, რადგან ამ ასაკში ბავშვი იღებს რჩევებს, მთავარია მოვიშველიოთ სწორი არგუმენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები