მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა ქალმა 117-ე დაბადების დღე აღნიშნა და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს გამხელაც გადაწყვიტა. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნი წერს.
ესპანეთში მცხოვრები მარია ბრანიაკ მორერა 1907 წელს კალიფორნიის შტატში დაიბადა. 8 წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად ესპანეთში გადავიდა და კატალონიაში დასახლდა, სადაც გაატარა კიდეც მთელი ცხოვრება. ქალმა გადაიტანა ესპანური გრიპის პანდემია, ასევე სამოქალაქო ომიც, რასთანაც ძალიან მძიმე მოგონებები აკავშირებს.
მორერა ექიმ ჟოან მორეზე იყო დაქორწინებული და წყვილმა სამი შვილი გაზარდა.
ქალი 1976 წელს დაქვრივდა. მან დაკარგა ასევე ერთი შვილი, ერთადერთი ვაჟი ავგუსტი.
გინესის წიგნმა მორერა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ადამიანად 2023 წელს აღიარა. ამჟამად ქალი მსოფლიოს უხუცესი ადამიანების ისტორიაში მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო როცა 118 წელი შეუსრულდება – მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლებს.
მიუხედავად საპატიო ასაკისა, ქალი პოზიტიურ განწყობას არ კარგავს და სჯერა, რომ ყოველ დღეს რაღაც ახლის სწავლა შეუძლია. გარდა იღბლისა და კარგი გენეტიკისა, ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარ საიდუმლოდ ის წესრიგს, სიმშვიდეს და ოჯახთან მჭიდრო კავშირს ასახელებს. გარდა ამისა, მისი აზრით მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ბევრ დროს ატარებდა ბუნებაში, ცხოვრობდა ვალდებულებების და სინანულის გარეშე, ბევრი დადებითი ემოცია განუცდია და ცუდი ადამიანებისგან თავი ყოველთვის შორს ეჭირა.