ექვსწლიანი მშენებლობის შემდეგ, შანჰაიში ჩინეთში უმაღლესი, მსოფლიოში კი, სიმაღლის მიხედვით, რიგით მეორე ცათამბჯენის, „შანჰაი ტაუერის“ აღმართვა დასრულდა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, შენობის სიმაღლე 632 მეტრია და მისი აგება სულ 2.4 მილიარდი დოლარი დაჯდა.
ახალი ცათამბჯენი, შანჰაის ლუძიაზუის საფინანსო ცენტრის არეალში აშენდა და მას 128 სართული აქვს. ცათამბრჯენის სართულების ჯამური ფართობი 420 000 კვადრატული მეტრია. შენობას „მიცუბიში ელექტრიკის“ წარმოების 106 ჩქაროსნული ლიფტი ემსახურება.
შენობის ვიზუალი კი შემდეგნაირია: ცათამბრჯენს გარედან შუშის გარსი აკრავს, რომელიც შიგნით მზის სხივების მაქსიმალურ შეღწევას უზრუნველყოფს. ამასთან, შენობის შიდა გარსიც გამჭვირვალეა. ცათამბჯენის შიდა სივრცე, 9 ზონად არის დაყოფილი. მათ ვიზიტორებისთვის, საზოგადოებრივ ზონებად გამოიყენებენ. ყოველ მათგანს აქვს, ბაღები, კაფეები, რესტორნები და დასასვენებელი სივრცეები. ცათამბჯენს დღეში დაახლოებით 16 000 ადამიანის მიღება-მასპინძლობა შეუძლია.
„შანჰაი ტაუერი“ საერთაშორისო კომპანია „გენსლერმა“ ააშენა.
ამ ეტაპზე უმაღლესი ცათამბჯენის წოდებას კვლავაც ინარჩუნებს დუბაის „ბურჟ ჰალიფა“, რომლის სიმაღლე 829 მეტრია. თუმცა 2020 წელს, უმაღლესის წოდება „ჯედა ტაუერს“ (ჯედა, საუდის არაბეთი) მიეკუთვნება, რომლის საპროექტო სიმაღლე 1008 მეტრია.