LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე სახიფათო სასრიალო ტრასები – „ბონ ვოიაჟი“

186
სასრიალო-ტრასები

შთამბეჭდავი პეიზაჟები, რთული და გრძელი ტრასები, ციცაბო უფსკრულები და 80%-იანი ფერდობები.მათ ვისაც ექსტრემალური დაშვება და სრიალი უყვარს ამ ადგილებს არ ერიდება,თუმცა თუ საკუთარ პროფესიონალიზმში დარწმუნებული არ ხართ ნამდვილად არ გირჩევთ ამ სასრიალო ტრასების გამოცდას.  ადრენალინი და მღელვარება აქ ნამდვილად არ დაგაკლდებათ. „ბონ ვოიაჟი“ წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე სახიფათო 10  სათხილამურო ტრასას.

1.ჯექსონ ჰოლი – შეერთებული შტატები

ის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფერდობია, რომელიც მდებარეობს ვაიომინგის ჯექსონ ჰოლის სათხილამურო კურორტზე, კლდოვან მთებში და ბარი კორბეტის ინსტრუქტორისა და მთამსვლელის პატივსაცემად მის სახელს ატარებს, რომელმაც ის 1960 წელს აღმოაჩინა. „ადრე თუ გვიან, ვიღაც დაძლევს მას“, – იწინასწარმეტყველა ბარიმ. შვიდი წლის შემდეგ ლონი ბოლმა შეძლო ტრასის დაძლევა. კლდოვან კედლებს შორის ვიწრო გადასასვლელი სიგანით მხოლოდ 3 მეტრია და ბოლოსკენ 6 მეტრამდე იზრდება. დახრილობის გამო კი  ვიწრო გვირაბამდე მისასვლელად  ჰაერში ხუთი-ექვსი მეტრის სიმაღლის ნახტომის გაკეთებაა საჭირო.

2. შავენეტი- შვეიცარია

საფრანგეთთან საზღვარზე, შამპერისა და ავორიაზის სადგურებს შორის, არის ეგრეთ წოდებული „შვეიცარიის კედელი“, ფერდობი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დაღმართით. მის დასაწყისში შენიშნავთ წარწერას „ყველაზე გაბედულისთვის“ ამ ფერდობზე დაცემა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ამინდი როგორც წესი, საშინელია, რომ აღარაფერი ვთქვათ თოვლიან უხეშ მონაკვეთებზე, რომლებიც ყველგანაა მიმოფანტული. მოთხილამურეებს მხოლოდ ორი გზა აქვთ:გარისკოთ და გადალახონ ეს ტრასა უდიდესი სიჩქარით, ან მის გარშემო სეირნობას დასჯერდნენ.

3.გრანდ კულუარი – საფრანგეთი

ამ ტერიტორიაზე ვერ შეხვდებით თოვლმავლებს, მხოლოდ გამბედავი მოთხილამურეები რისკავენ შეეჭიდონ ამ დაბრკოლებას.  საფრანგეთის გრანდ კულუარის ფერდობზე მისვლა შესაძლებელია საბაგიროთი და შემდეგ მის ბოლო პუნქტამდე ორასი მეტრის ფეხით გავლა მოგიწევთ. შესასვლელი მხოლოდ რამდენიმე მეტრის სიგანისაა და ამინდი ძალიან ცვალებადი. აქვე აღსანიშნავია,რომ ის ყველაზე ციცაბო ბილიკია ევროპაში.

4.დელირიუმ დაივი – ბანფი, კანადა

ციცაბო, კლდოვანი და ვიწრო – ეს სამი სიტყვა საკმარისია იმის გასააზრებლად,რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სათხილამურო ტრასა მსოფლიოში. თუკი აქ სრიალს ვინმე გაბედავს არამარტო მიზანშეწონილი, არამედ სავალდებულოა არ იყოს მარტო და იყოს სათანადოდ კარგად  აღჭურვილი. მზად უნდა იყოთ ზვავისთვის,რაც საკმაოდ ხშირია ამ მიდამოებში და ამასთანავე თან უნდა იქონიოთ ისეთი მოწყობილობებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მაშველებს თქვენს პოვნაში დაეხმარება.

5 .“მოკალი ბანკირი“ – კანადა

კიდევ ერთი სახიფათო ტრასა კანადაში.  მოკალი ბანკირი – ასე ითარგმნება კანადაში ამ საშიში ტრასის სახელწოდება. ვანკუვერიდან რამდენიმე საათის სავალ მანძილზე საბაგირო გზის გავლით მოხვდებით ამ ფერდობზე. მოსრიალეებს ფაქტობრივად თოვლის ჩანჩქერზე დაშვება უწევთ.  გასათვალისწინებელია,რომ სრიალისას ძირითადად ჰაერში ხტომა და ტრიალი გიწევთ.

6.შტრაიფი – ავსტრია

ყოველწლიურად, იანვრის შუა რიცხვებში, აქ საუკეთესო მოთხილამურეები იკრიბებიან მსოფლიო თასის მოსაპოვებლად. ეს არის ყველაზე საშინელი და ამავე დროს  სანახაობრივი სასრიალო ტრასა მსოფლიოში, მკვეთრი და სახიფათო მოსახვევებით და ფერდობის უეცარი ცვლილებებით, რაც იდეალურია ნახტომებისთვის. ყველაზე საშიში წერტილებია: ე.გ.თაგვების ხაფანგი-85% დახრილობით და 80 მეტრიანი ნახტომით, შტეილჰენგი ორმაგი მრუდით, რომელზეც სრიალის  სიჩქარე 100 კმ/სთ-ს აღწევს.

7.სარენი, ალპ დ’უესი – საფრანგეთი

მსოფლიოში ყველაზე გრძელი შავი ტრასა – ასე ხასიათდება ფერდობი, მისი 18 კმ დაღმართით, რომელიც იწყება ამავე სახელწოდების მყინვარიდან, სადაც მისვლა შესაძლებელია პიკბლანშის საბაგირო გზით (2700/3330 მ). ბილიკი იწყება 3330 მეტრზე და გზად  გვირაბებსაც მოიცავს, რომელიც ჩადის საბაგირო გზის გასასვლელამდე. ზემოდან შეგიძლიათ გადახედოთ მასიური მონბლანის განსაცვიფრებელ ხედებს, ასევე ეკრინსის ეროვნულ პარკს, მონტე როზას და მატერჰორნის.

8.ბოდი ბეგი – შეერთებული შტატები

ყველაზე საშიში ბილიკი კოლორადოში. მას აქვს შთამბეჭდავი ციცაბო დაღმართი, რომელსაც შეუძლია გამოცადოს ყველაზე გამოცდილი მოთხილამურეებიც კი. გასათვალისწინებელია,რომ თოვლითა და ხეებით დამალული ბასრი კლდეებით სავსე დაბრკოლებები აქ მრავლად დახვდებათ გაბედულ მოთხილემურეებს.

9.ჰარაკირი, ავსტრია

ავსტრიის ტერიტორიაზე იტალიის საზღვართან ახლოს, ყველაზე ციცაბო ტრასა მდებარეობს. მისი სახელწოდება უკვე ბევრს ამბობს მის სირთულეზე.  ჰარაკირი, ფაქტობრივად, თვითმკვლელობის უძველესი იაპონური რიტუალია, რომელიც გამოიყენება ცოდვის გამოსასყიდად ან უსინდისო სიკვდილისგან თავის დასაღწევად.ზოგიერთ მონაკვეთში ფერდობი 78%-ს აღწევს. მის თითქმის ვერტიკალურ და ხშირად ყინულოვან კედლებს შორის სრიალი თვითმკვლელობას უტოლდება.

10.სასლონგი, იტალია

მსოფლიოს ყველაზე სახიფათო სათხილამურო ტრასების ტოპ 10-ში განსაკუთრებული ადგილი უკავია იტალიურ ფერდობს, სასლონგს, ვალ გარდენას გულში. ის  1970 წელს გაიხსნა. გზად კლდის სახიფათო ამოშვერილ ადგილებს შეხვდებით,რომლებსაც “აქლემის კეხებს” უწოდებენ. მათზე გადასვლა მხოლოდ ძალიან გრძელი ნახტომების საშუალებით შეიძლება. დეკემბერში სწორედ აქ  იმართება მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ დაშვებაში.