LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 14 საოცრება, რომელთა ნახვაც პარალელურ რეალობაში გამოგზაურებთ

3956
Untitled design (1)

ყველა ჩვენგანს სმენია ძველი მსოფლიოს 7 საოცრების შესახებ. არსებობს ,,ახალი 7 საოცრების” ჩამონათვალიც, თუმცა რეალურად, დღეისათვის მსოფლიოში არაერთი საოცარი არქიტექტურისა და დიზაინის შენობაა, რომელთა ხილვაც გულგრილს ვერავის დატოვებს.

წარმოგიდგენთ საოცარ შენობებს, რომელთა ნახვაც პარალელურ რეალობაში გამოგზაურებთ.

ლოტოსის შენობა – ვუჟინი, ჩინეთი

იმისათვის, რათა ლოტოსის ყვავილების ფორმის საოცარი სილამაზის შენობა უფრო რეალისტურად გამოიყურებოდეს, იგი ხელოვნურ ტბაზეა გაშენებული. შენობა ჩინეთის ქალაქ ვუჟინის ცენტრში მდებარეობს და მასში ქალაქის დაგეგმარების სამსახურია განთავსებული. შენობა “ლოტოსი” საოცარი სანახავია ნებისმიერ ამინდსა და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

 

სასტუმრო ალპებში

ჯერჯერობით, ეს სასტუმრო აშენებული არ არის, თუმცა მისი მშენებლობა ალპებში იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ჯერ არ აგებულა, უნიკალური დიზაინის გამო მისთვის გვერდის ავლა ნამდვილად შეუძლებელი იყო. სასტუმრო კლდეში აშენდება და მინის ფასადი ექნება.

 

ლოტოსის ყვავილის ფორმის ტაძარი – ბაჰაპური, ინდოეთი

კიდევ ერთი ულამაზესი შენობა, რომელსაც ლოტოსის ყვავილის ფორმა აქვს, ინდოეთის სოფელ ბაჰაპურის მთავარი ღირშესანიშნაობა და ბაჰაის რელიგიის მთავარი ტაძარია. სალოცავის 9 კარს ცენტრალურ დარბაზში შევყავართ, რაც ყველა რელიგიის ერთიანობის სიმბოლოა. ტაძარი ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლისათვის ღიაა.

 

კუბის ფორმის სახლები – როტერდამი, ნიდერლანდები

შესანიშნავი არქიტექტურული ნამუშევრები, კუბის ფორმის 40 სახლი როტერდამში, Overblaak Street-ზე მდებარეობს. სახლების დანახვისას ჩნდება ასოციაცია, რომ სამყარო თავდაყირა ამოტრიალდა. ყველა სახლის კედლები და ფანჯრები 45 გრადუსით არის დახრილი. კუბის ფორმის სახლები არქიტექტორმა პიტ ბლომმა დააპროექტა.
მიუხედავად ორიგინალურობისა, სახლები საცხოვრებლად გამოიყენება და ალბათ მათში ცხოვრება ძალიან საინტერესოა.

 

“ატომები” – ბრიუსელი, ბელგია

ერთი შეხედვით მნახველს შენობა შესაძლოა უბრალოდ ლითონის კონსტრუქცია ეგონოს, თუმცა სინამდვილეში ეს შენობაა, რომლის სფეროებშიც მეცნოერების მუზეუმია განთავსებული. გარდა ამისა, შეგიძლიათ ადგილობრივ რესტორანს ეწვიოთ. სფეროები ერთმანეთს უზარმაზარი მილებით უკავშირდებიან.

 

ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი, ვალენსია, ესპანეთი

თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი შედევრი ვალენსიას პარკის ცენტრში, წყალზე მდებარეობს. შენობას ფუტურისტული ელფერი დაჰკრავს და რომელიღაც გადაშენებული, გიგანტური ცხოველის ჩონჩხს მოგვაგონებს. კომპლექსი 5 შენობას მოიცავს, მათ შორის არის პარკი, მეცნიერების მუზეუმი, ოკეანოგრაფიის პარკი და IMAX კინოთეატრი.

 

ჰეიდარ ალიევის ცენტრი – ბაქო, აზერბაიჯანი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოს ყველაზე საინტერესო და აღიარებული არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა ქალბატონმა, ზარა ჰადიდმა დააპროექტა. ჰადიდი ცნობილია თავისი სიყვარულით “უცხოპლანეტური” ფორმებისადმი, რაც მის ამ კონკრეტულ ნამუშევარზეც აისახა. შენობაში ოფისები და საგამოფენო სივრცეებია განთავსებული.

 

სავაჭრო ცენტრი Emporia – მალმიო, შვედეთი

“ემპორია” სკანდინავიის უდიდესი სავაჭრო ცენტრია. ორიგინალური შენობა ისეა დაპროექტებული, თითქოს სადაც არის წაიქცევა. ცენტრში მაღაზიების გარდა გასართობი სივრცეები და “კიდული ბაღები” შეგხვდებათ.

 

La Muralla Roja – კალპე, ესპანეთი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე საცხოვრებელი პროექტი “ლა მურალია როხა” (La Muralla Roja) ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. მისი სახელი ითარგმნება, როგორც “წითელი კედელი”, არქიტექტურაში კი ხმელთაშუაზღვისპირეთისა და არაბული კულტურის შტრიხები იგრძნობა. ექსტერიერისაგან განსხვავებით, შენობის შიგნით იისფერი და ლურჯი ჭარბობს.

 

ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმი – სინგაპური

სინგაპურის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ფორმით ლოტოსის ყვავილს, ან ერთმანეთზე მიდებულ, გაშლილ ხელის მტევნებს მოგვაგონებს. მუზეუმის უკან სამი ცათამბრჯენი მდებარეობს, რომელთა ზედა ნაწილის ფორმაც გემს მოგვაგონებს. “გემი ცათამბრჯენიც” სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ნაგებობაა, რომელშიც ძვირადღირებული სასტუმრო მდებარეობს.

 

Capital Gate – აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საემიროები

ქალაქის ერთ-ერთი უმაღლესი და გინესის რეკორდსმენი ნაგებობა 165 მეტრი სიმაღლისაა. შენობა ყველაზე დახრილია იმ ნაგებობათა შორის, რაც ოდესმე ადამიანს აუშენებია. ცათამბრჯენი 18 გრადუსით არის დახრილი. შედარებისათვის გეტყვით, რომ პიზის კოშის დახრილობა მხოლოდ 4 გრადუსია.

 

სავაჭრო ცენტრი Markthal – როტერდამი, ნიდერლანდები

მსოფლიოს ულამაზეს სავაჭრო ცენტრად აღიარებული “მარკეტ ჰოლის” გახსნაზე თავად ნიდერლანდების დედოფალი იმყოფებოდა. შენობას კიდობნის ფორმა და მინის ფასადი აქვს, რომელიც შიგნიდან ნიდერლანდელი ხელოვანის, ანრო კიონენის ნამუშევრებითაა გაფორმებული. ამის გამო მას ხშირად “როტერდამის სიქსტის კაპელას”უწოდებენ.

 

გუგენჰაიმის მუზეუმი – ბილბაო, ესპანეთი

დეკონსტრუქტივიზმის სტილის ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა მსოფლიოს ყველაზე ორიგინალური ნაგებობების სიაში შედის. არქიტექტორმა ფილიპ ჯონსონმა მას “ჩვენი დროის ყველაზე შესანიშნავი ნაგებობა” უწოდა. მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს როგორც მუდმივ, ასევე დროებით გამოფენებს. მუდმივად გუგენჰაიმის მუზეუმში მე-20 საუკუნის ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი.

 

ხელოვნების სახლი – გრაცი, ავსტრია

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ხუმრობით “მეგობრულ უცხოპლანეტელს” უწოდებენ. ზოგი მის ფორმას დირიჟაბლს, ან ვეშაპს ამსგავსებს. შენობა ინოვაციურ სტილშია აშენებული და ღამ-ღამობით თვალისმომჭრელად ბრწყინავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები