LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიომდე ვერ ავფრინდით: საქართველომ საბერძნეთში წააგო და ჩარჩა (ვიდეო)

83
0G2A5386

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთში, ჯგუფის ლიდერთან დამარცხდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ქართველებმა ბერძნებს არაფერი დაუთმეს, ბოლომდე იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში აგებდნენ და ერთხანს 22 ქულითაც, ბოლო პერიოდში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს. ქართველებს გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა მასპინძლებმა თითქმის უშეცდომოდ ჩაატარეს დასკვნითი წუთები და გამარჯვებას მიაღწიეს – 81:69.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერ მოხერხდა და ჩვენები ჯგუფში ჩარჩნენ.

ჩვენს გუნდს აკლდნენ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, დიმიტრი ფაცაცია. ბერძნებსაც არაერთი მოთამაშე აკლდათ, თუმცა ილიას ზუროსის სამშობლოში გაცილებით მეტი კალათბურთელი მოიძებნება, რომელსაც უმაღლეს დონეზე შეუძლიათ თამაში.

ნამატჩევს ილიას ზუროსი სულაც არ გახლდათ იმ განწყობით, რომ მისი გუნდი დაიჩაგრა. პირიქით – იმ შემადგენლობით, რაც საქართველოს ჰყავდა, ზუროსის გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა. გუნდთან, რომელიც ჯგუფის ლიდერია და საბოლოოდ პირველ ადგილზეც გავიდა, ქართველებმა ბოლომდე, ღირსეულად იბრძოლეს.

საქართველოს ნაკრებში 27 ქულით, 15 მოხსნით, 3 პასით და 2 დაფარებით საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი. 18 ქულა დააგროვა თად მაკფადენმა, ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. გიორგი ცინცაძემ შეხვედრაე 7 პასით და 5 ქულით დაასრულა. ბერძნებს 15 ქულით პანაგიოტის ვასოლოპულოსმა ულიდერა, თუმცა 9 ქულის, 10 მოხსნის და 6 პასის მიმთვლელი იონას ბურუსისიც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ჩვენსავე ჯგუფში ისრაელმა გერმანია, ესტონეთმა კი სერბეთი დაამარცხა. ამიტომაც ორმაგად დასანანია საბერძნეთში წაგება. მოგების შემთხვევაში საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი გაუჩნდებოდა.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 24 თებერვალს, თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან გამართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები