LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო თასი თბილისშია: მას 18:00 საათამდე თბილისი მოლში ნახავთ

38

მსოფლიო ჩემპიონატის თასი თბილისშია: მართალია ის საქართველოს ნაკრებს არ მოუგია, მაგრამ ფიფას ახალი წამოწყების გამო, ყველაზე სანუკვარი სპორტული ჯილდო ჩვენს ქვეყანასაც ეღირსა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს თბილისის აეროპორტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე დახვდა. მის გარდა იმყოფებოდნენ ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი, ასევე ახლო წარსულის ვეტერანები და ამჟამად მოქმედი ჩინოვნიკები – დავით მუჯირი და მიხეილ ყაველაშვილი. თასს ჩამოყვა წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი კრისტიან კარამბე.

თბილისის აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ თასის ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლება.

მსოფლიო ჩემპიონატის თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126 000 კილომეტრს გაივლის.

ტურის პრეზენტაციისას, ლონდონში, მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი პრიზი საზოგადოებას ფეხბურთის ვარსკვლავებმა, ჯეფ ჰერსტმა და ანდრეა პირლომ წარუდგინეს.

თასის მოგზაურობა ბუნებრივია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში დასრულდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები