LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ღვინის დედაქალაქში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა დაიწყო

81

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, გამოფენისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და პირველივე დღეებში, უკვე ასეულობით ადამიანს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას.

„ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრს საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ქართული ღვინის კულტურისადმი მიძღვნილმა გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამთვალიერებლებს შორის. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, ცენტრში განთავსებულ ღვინის ბარში დააგემოვნონ ქართული ღვინო. ეს გამოფენა ძალიან დაეხმარება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ეს გამოფენა აჩვენებს, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის უძველესი მწარმოებელი, არამედ ამ ქვეყანაში კვლავ გრძელდება და ვითარდება მეღვინეობა“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

მისივე თქმით, ბორდოში მიმდინარე გამოფენა არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ მყარად და საბოლოოდ დაიმკვიდროს მსოფლიოში ადგილი, როგორც ღვინის ცივილიზაციის უძველესმა ქვეყანამ.

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და 4 თვეს გაგრძელდება.

„საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება.გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდავოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც წარუძღვებიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები.

თანამედროვე მსოფლიოში ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები