LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი: ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა პასიურობა საქართველოს ძვირი უჯდება

110

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა პასიურობა საქართველოს ძვირი უჯდება. მათი გათვლებით, შრომისუნარიანი ქალების მეტი აქტიურობის შემთხვევაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 12 პროცენტით მეტი იქნებოდა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქალთა ეკონომიკური პასიურობის მიზეზები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამოიკვლია. საქართველოში ხუთიდან ერთი უმუშევარი ქალი ამბობს: მის მეუღლეს არ სურს, რომ ის მუშაობდეს. მაშინ, როცა კაცების შემთხვევაში ანალოგიური სურვილი 50 ქალიდან ერთ ქალს აქვს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხული ქალების თითქის ნახევარი ამბობს, რომ მათი უმუშევრობის მიზეზი საოჯახო საქმეებია.  მაშინ, როცა კაცები სამსახურთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, ოჯახურ ფაქტორებს იშვიათად ასახელებენ. როგორც კვლევიდან ირკვევა ქალები საოჯახო საქმეებისთვის კვირაში 45 საათს ხარჯავენ, რაც სრული სამუშაო განაკვეთის ტოლფასია.  კაცები კი, მსგავ საქმეებზე 15 წუთს ხარჯავენ კვირაში. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში უმაღლესი განათლება უფრო მეტი ქალს აქვს ვიდრე კაცს, მაგრამ უმაღლესი განათლების მქონე ქალების 40 პროცენტი ეკონომიკურად არააქტიურია.

კვლევის მიხედვით ოჯახებში, სადაც ქალები არ მუშაობენ უფრო ხელმოკლედ ცხოვრობენ. საბოლოო ჯამში საქართველოს შრომის ბაზარზე, ქალების მონაწილეობა კაცებზე 29 პროცენტზე ნაკლებია.

ქალების ეკონომიკურად არააქტიურობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ანაზღაურებაც. ქალები კაცებთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებ თანხას გამოიმუშავებენ. საქართველოში დასაქმების სფერო ორივე სქესისთვის სოფლის მეურნეობაა. თუმცა ქალი ფერმერები არსებული მიწის ნაკვეთების 20 პროცენტს მართავენ. კვლევა ასევე ამბობს,რომ ქალები საქართველოში ნაკლებად მოიაზრებიან ლიდერებად. მაშინ, როდესაც კვლევის ძრითადი დასკვნის მიხედვით, კომპანიები, სადაც მენეჯერების პოზიციას უმეტესად ქალები იკავებენ, უფრო პროდუქტიულები არიან.

არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალების ეკონომუკური გაძლიერებისთვის ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ერთ კომპონენტს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 50 ქალი შეირჩა, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას დასავლეთ საქართველოში ახორციელებენ.

ქალ მეწარმეთა მთავარ გამოწვევად განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. შესაბამისად, შერჩეული მონაწილეები ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამის ტრეინინგებს გაივლიან.

“პირველი წლის განმავლობაში საქართველოს ფერმერთა ასოციაცია უზრუნველყოფს ქალი მეწარმეების ისეთი ტექნიკური და თეორიული ცოდნით აღჭურვას, რომელიც მათ დაეხმარებათ პროექტის მიმდინარეობის პროცესში, დააგენერირონ საინტერესო ბიზნესიდეები. შეძენილი ცოდნით მოახდინონ საკუთარი საქმიანობის განვითარების შემდეგ საფეხურზე გადაყვანა,“ – განაცხადა პროექტის მენეჯერმა ნათია ნინიკელაშვილმა.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამი სამუშაო შეხვედრა. ასევე, ფერმერთა ასოციაცია დამწყებ ქალ მეწარმეებთან ერთად,  დიდ შემდგარ კომპანიებთან იმუშავებს, რომლებიც ბენეფიციარებს ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები. პროექტი ორწლიანია. მიმდინარე წლის ბოლოს პროექტში მონაწილეთა საინტერესო ბიზნესიდეებს ფინანსური ხელშეწყობის მიზნით, პროექტი გრანტს გამოუყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები