LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსჯავრდებულთა უფლებები – ვის შეუძლია დროებით ციხის დატოვება და რა პირობებით

ციხ

ბოლო რამდენიმე წელიწადში პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის არის მსჯავრდებულებისთვის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა და უმაღლესი განათლების მიღების უფლება, რომელიც გასული წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა, ამ უფლებებით სარგებლობა ყველა მსჯავრდებულს არ შეუძლია. რადიო „ფორტუნამ“ სპეციალური პენიტეციური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გაარკვია, როდის შეუძლიათ მსჯავრდებულებს ამ უფლებებით სარგებლობა და კონკრეტულად ვის შეიძლება შეეხოს ის.

კონკრეტულად რომელ მსჯავრდებულებს შეუძლიათ ისარგებლონ დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით

შექმნილია სპეციალური, გათავისუფლებისთვის მომზადების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. სწორედ ამ დაწესებულებაში უნდა იყოს მსჯავრდებული მოთავსებული, რომ ეს უფლება შეეხოს და მან დაწესებულებიდან გასვლის უფლებით ისარგებლოს. ამ დაწესებულებაში ხვდება მსჯავრდებულთა ის კატეგორია, ვისაც საშიშროების დაბალი ან საშუალო რისკი აქვს განსაზღვრული. ასევე, სასჯელის მოსახდელად დარჩენილი უნდა ჰქონდეს არაუმეტეს ერთი წლისა. ის მსჯავრდებულები, რომელთაც ერთ წელზე მეტი აქვთ მოსახდელი დარჩენილი, მათი ამ დაწესებულებაში გადაყვანა ვერ მოხერხდება. ამ დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევაში, თავად მსჯავრდებულის განცხადებით შესაძლებელია, სამი მინიჭებული უფლებიდან ერთ-ერთით ისარგებლოს და დატოვოს დაწესებულება.

კანონიერად დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულებს სამ შემთხვევაში აქვთ:

  1. სწავლის ან მუშაობის შემთხვევა, რომლის დროსაც მსჯავრდებული შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, კონკრეტულ ცნობას წარმოადგენს;
  2. უქმე და დასვენების დღეები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული;
  3. კვირის დღეებში დაწესებულების გარეთ გასვლა, არაუმეტეს სამი დღისა.

ვის ეკრძალება დროებით დაწესებულების გარეთ გასვლის უფლება

არასრულწლოვანთა მიმართ ამ უფლებას ჯერ-ჯერობით არსებული კანონი არ ითვალისწინებს, რადგან დაწესებულების გარეთ დროებით გასვლის უფლება მხოლოდ ერთი წელია რაც დაინერგა, შესაბამისად კანონი საპილოტე რეჟიმში მუშაობს.

დაწესებულების გარეთ რამდენი დღის გატარება შეუძლია მსჯავრდებულს

დაწესებულების გარეთ დროებით გასვლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ მოთხოვნებზე, რასაც თავად მსჯავრდებული დააყენებს. სწავლისა და მუშაობის შემთხვევაში, დაწესებულების დროებით დატოვების გრაფიკი დამოკიდებულია თავად სწავლისა და მუშაობის გრაფიკზე, თუ როდის არის სწავლის ან მუშაობის საათები. ხოლო, დასვენებების დღეებში კანონმდებლობით არის გათავლისწინებული შაბათ-კვირა, ასევე დღესასწაულები, ანუ კონკრეტული დღეები. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ერთიდან მაქსიმუმ სამ დღემდე შეუძლიათ მსჯავრდებულებს ამ უფლებით სარგებლობა.

როგორ კონტროლდება დაწესებულების გარეთ დროებით გასული მსჯავრდებული და რა უფლებებით სარგებლობს ის

დაწესებულების გარეთ დროებით გასულ მსჯავრდებულზე მონიტორინგი მუშაობისა და სწავლის შემთხვევაში ხორციელდება. დაწესებულებას აქვს უფლება, წინასწარ შეუთანხმებელი გრაფიკით გადაამოწმოს პიროვნების ადგილზე ყოფნა, ნამდვილად მუშაობს თუ სწავლობს, ასევე გამოითხოვოს დასწრების აღრიცხვის დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ ეს მსჯავრდებული ნამდვილად იყო ამ დაწესებულებაში.

რაც შეეხება დასვენების დღეებს, მაშინ, როდესაც მსჯავრდებული დაწესებულებიდან დროებით გადის, იღებს კონკრეტულ ცნობას, რომ ის დაწესებულების გარეთ კანონიერად არის გასული და ამ დოკუმენტის საფუძველზე გადაადგილდება. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულს, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება აქვს, თუმცა მან წინასწარ უნდა მიუთითოს, კონკრეტულად სად გაატარებს დაწესებულების ფარგლებს გარეთ დროს, რათა საჭიროების შემთხვევაში, გადამოწმება მოხდეს.

დაწესებულების გარეთ დროებით გასულ მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ისარგებლონ ტელეფონით, ინტერნეტით და ნებისმიერი პროდუქტით, რაც კანონმდებლობით არ იკრძალება. თუმცა, დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, ის ვალდებულია, ეს ნივთები სპეციალურ სათავსოში ჩააბაროს და გასაღები უფლებამოსილ პირს გადასცეს. მას შემდეგ, რაც მას კვლავ მიეცემა დაწესებულების დროებით დატოვების უფლება, ის კვლავ ისარგებლებს ამ ნივთებით.

რა შემთხვევაში შეიძლება შეეზღუდოს დროებით დაწესებულების გარეთ გასვლა ან შესაძლებელია თუ არა კარგი ყოფაქცევისთვის დღეები დაემატოს

იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული არ გამოცხადდება კანონით გათავლისწინებულ დროს, დაიგვიანებს ან სხვა გარემოება წარმოიშვება, რის შედეგადაც ის მინიჭებულ უფლებას არღვევს, ამ შემთხვევაში მას გარეთ გასვლის უფლება შეეზღუდება. კარგი ყოფაქცევისთვის დამატებითი დღეების დამატებას არსებული კანონმდებლობა არ ითავლისწინებს. მსჯავრდებულმა მხოლოდ იმ სამი უფლებიდან, ერთ-ერთით უნდა ისარგებლოს. თუ მას სურვილი აქვს, რომ ერთი უფლება მეორეთი ჩაანაცვლოს, ის დაწერს განცხადებას, მოხდება ამ საკითხის განხილვა და როგორც პირველ ჯერზე მიეცა უფლება პროცედურების დაცვით, ასევე მოხდება მეორე შემთხვევაშიც.

როგორ სარგებლობენ ამ უფლებით მსჯავრდებული ქალები

მსჯავრდებული ქალების მიმართ დაყოფა რისკების მიხედვით ხდება და სწორედ ამის შემდეგ ეძლევათ მათ ამ კანონით სარგებლობის უფლება. გარდა ამ კანონისა, მსჯავრდებული ქალები კიდევ დედის მიერ ბავშვის მონახულების კანონით სარგებლობენ. ასევე, შესაძლებელია დაწესებულებაში მსჯავრდებულ ქალს სამ წლამდე ბავშვი ყავდეს. მას შემდეგ კი, რაც ბავშვი ასაკის მიღწევის გამო, დაწესებულებას დატოვებს, იმ დღიდან ერთი წლის ვადით მსჯავრდებულ ქალს უფლება აქვს დასვენების დღეებში დაწესებულება დატოვოს. მჭიდრო კავშირისთვის და განშორების შემსუბუქებისთვის, ამ უფლებით სარგებლობა მსჯავრდებულ ქალებს 2017 წლის სექტემბრიდან შეუძლიათ.

რამდენმა მსჯავრდებულამ ისარგებლა დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით და იკვეთება თუ არა ხარვეზები კანონმდებლობაში?

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შემდეგ, ამ ერთი წლის განმავლობაში ათეულობით მსჯავრდებულმა ისარგებლა ამ უფლებით. მათივე ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში მსჯავრდებულების მხრიდან ამ მინიჭებული უფლების გამოყენება კეთილსინდისიერად ხდება, ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და რომელიმე მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებირივი სასჯელი არ დაწესებულა.

რა შემთხვევაში ენიჭებათ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება

უმაღლესი განათლების უფლებაც, ისევე როგორც დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ყველა მსჯავრდებულზე არ ვრცელდება. ამ შემთხვევაშიც, ეს უფლება აქვს იმ მსჯავრდებულებს, ვინც გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაშია მოთავსებული, ასევე არიან დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულები. ეს უფლება დაწესებულების დროებით დატოვების უფლებისგან განსხვავებით, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაზეც ვრცელდება. ამ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ დაწესებულების უმაღლესი განათლების უფლებით, სადაც კონკრეტული ფაკულტეტებია განსაზღვრული.