„შეიქმნება გათავისუფლების მომზადების დაწესებულება, რომელიც მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდგომი ეტაპისთვის მოამზადებს“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა.
შესაბამისი ცვლილებების პაკეტის განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეარჩევს პატიმრებს, რომლებსაც სასჯელის სრულად მოხდამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი და გადაიყვანს გათავისუფლების მომზადების დაწესებულებაში, სადაც მათ საშუალება ექნებათ დაეუფლონ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, გაიარონ დასაქმებისთვის საჭირო კურსები და ასევე პატიმრობის პერიოდშივე დაიწყონ სამსახური.
რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მსჯავრდებულები
საპატიმრო ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, რაიმე პროფესიის ათვისება როგორც მძიმე, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პატიმრებს შეეძლებათ, თუმცა საბოლოოდ ასეთი მსჯავრდებულების შერჩევა, სასჯელის მოხდის პერიოდში, მათი ქცევიდან გამომდინარე განხორციელდება. საშიშროების რისკები უნდა იყოს დაბალი ან საშუალო. შესაძლოა, პატიმარი სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდეს, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ პატიმრობის პერიოდში იგი კანონმორჩილი იყო, ემორჩილებოდა ადმინისტრაციის მოთხოვნებს და ერთვებოდა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში, მას შეეძლება გათავისუფლების მომზადების დაწესებულებით ისარგებლოს.
„შეიძლება ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იყოს ნასამართლევი, მაგრამ მისი ქცევა უფრო საშიში იყოს, კერძოდ, არ ემორჩილებოდეს ადმინისტრაციის მოთხოვნებს, ასეთ პატიმრებს ენიჭებათ საშიშროების მომატებული ან მაღალი რისკი, ვისაც ექნება საშიშროების დაბალი ან საშუალო რისკი მხოლოდ ის ისარგებლებს ამ სერვისით“ – აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
დასაქმების ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მსჯავრდებულს საშუალება ექნება დატოვოს დაწესებულება
გათავისუფლების მომზადების დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანის შემდგომ, მას სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება დაიწყოს სამსახური. მუშაობის საათებში, მსჯავრდებული შეძლებს დატოვოს დაწესებულება და მოგვიანებით უკან დაბრუნდეს. ამისთვის საჭიროა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წარუდგინოს დასაქმების უტყუარი ცნობა. ასეთივე შეღავათები ექნებათ დაწესებულებაში გადაყვანილ პატიმრებს სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც.
„ამ 6 თვის განმავლობაში ასეთივე შეღავათით ისარგებლებენ პატიმრები, რომლებიც სწავლის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ. გარდა ამისა, თუ იქნება ისეთი შემთხვევა, რომ პატიმარს სწავლასთან ან სამსახურთან დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტაციის გამო დასჭირდა დაწესებულებიდან გასვლა, ამ მიზეზითაც მივცემთ გასვლის უფლებას“ – აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
როდის უწყდება პატიმარს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის უფლება
თუ პატიმარი გათავისუფლების მომზადების დაწესებულებაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ არ დაბრუნდება ან დააგვიანებს და არ ექნება საპატიო მიზეზი, მას დამატებითი პასუხისმგებლობა დაეკისრება. დამატებით პასუხისმგებლობაში იგულისხმება სასჯელისგან თავის არიდების მცდელობა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით. ამ შემთხვევაში პატიმარი ვეღარ სარგებლობს გათავისუფლების მომზადების დაწესებულებით.
„არასაპატიო მიზეზით დაწესებულებაში გამოუცხადებლობა სასჯელის მოხდისგან თავის არიდებად შეფასდება, პატიმარს დამატებითი პასუხისმგებლობა დაეკისრება და შესაბამისად სერვისითაც ვეღარ ისარგებლებს“, – აღნიშნავს დარახველიძე.
რომელ საპყრობილეებში შეიქმნება გათავისუფლების მომზადების დაწესებულება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, გათავისუფლების მომზადების დაწესებულება სხვადასხვა საპყრობილეში შეიქმნება. გენდერული ბალანსი დაცული იქნება, პატიმარი ქალები და მამაკაცები სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსდებიან. დარახველიძის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეთი დაწესებულება შეიქმნება და ინფრასტრუქტურის მოწყობისას გათვალისწინებული იქნება პატიმრების მოთხოვნები და საჭიროებები.
„პენიტენციური სისტემა სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულებს სხვადასხვა სახის პროგრამებს სთავაზობს, ეს ბოლო 6 თვე კი იქნება დამაგვირგვინებელი ეტაპი, იმისათვის, რომ პატიმრები მოემზადონ და საპატიმროს დატოვების შემდეგ სხვადასხვა პრობლემებმა ერთად არ იჩინონ თავი“ – განუცხადა „ფორტუნას“ ალექსანდრე დარახველიძემ.
გვანცა ბზიავა