რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურის დღეს რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე შექმნან ცოცხალი ჯაჭვი და ამ სახით გამოხატონ პროტესტი.
“პოლიტიკურ პარტია „გირჩს“ აქვს ეს იდეა და ქალბატონ თაკო ჩარკვიანს ჰქონდა იდეა და ძალიან კარგი იდეაა, რომ მაშინ, როდესაც მთელი „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე, ჯაჭვში ჩავდგეთ, ცოცხალ ჯაჭვში, მრავალმწკრივიან ჯაჭვში და ამით მსოფლიომ დაინახოს, რომ ხალხი დგას გარეთ, ხალხი აპროტესტებს და ძალდატანებით საჯარო მოხელეს ან აქტივისტს მიერეკებიან საარჩევნო უბნებზე”,- განაცხადა ნიკა მელიამ.
წარმოიდგინეთ ზემოდან გადაღებული კადრი რა ლამაზი იქნება – გადაჭიმული საპროტესტო ტალღა პირბადეებით და დისტანციაც დაცული იქნება – თაკო ჩარკვიანი
საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.