LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლები, როგორც “ფაზლის” ერთი ნაწილი – ვინ ძალადობს ბავშვებზე საქართველოში

bavshvebzezaladoba

მინდა დედაჩემი ჩემი მეგობარი იყოს“ , „არ მინდა სახლში პრობლემებზე ვისაუბრო. როდესაც გავუზიარე, ისევ მე დამადანაშაულეს“, „როცა ბავშვები თავიანთ თავს ზიანს აყენებენ, ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი არ იღებენ საკმაო სიყვარულს ოჯახებისაგან, არც სხვა ვინმესგან“, „ჩხუბი არ მუშაობს,მშობლებმა სხვა მეთოდი უნდა გამოიყენონ, მეგობრულად სთხოვონ შვილს რაღაცის გაკეთება – ასეთია მოზარდების პრობლემები, რომელსაც „უინისეფის“ კვლევის ჯგუფთან აფიქსირებენ, საპასუხოდ კი, მშობლების პოზიცია, რომელსაც ამავე კვლევის ფარგლებში გაეცნობით, ასეთია – როდესაც შენი შვილი გაგიჟებს, როგორ უნდა შეიკავო თავი და არ ეჩხუბო?“, „მთლად დასჯა არა, შეიძლება ხმას ავუწიო და ესაა; თუ ვყვირიყველა წყნარდება.

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა სოციალური ნორმაა, მისი შედეგები კი მძიმე. კვლევიდან ჩანს, რომ მშობლები აღზრდის დროს ავტორიტარულ სტილს მიმართავენ. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ ადგილი აქვს გარკვეულ პროგრესსაც – თუ “იუნისეფის” მიერ 2013 წელს ჩატაებული კვლევის თანახმად, მოქალაქეების ნახევარზე მეტი ფიზიკური დასჯის მეთოდებს დასაშვებად მიიჩნევდა, ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ მოზარდებთან მშობლები ფიზიკურ დასჯას უკვე ერიდებიან. თუმცა, კვლავაც პრობლემად რჩება მშობლების მხარდაჭერა და  შვილებთან ემოციური კავშირი, რასაც ასევე მოაქვს მძიმე შედეგები და შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენაც კი მოახდინოს მოზარდების ცხოვრების შემდგომ განვითარებაზე. ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (phr) წარმომადგენელი ანა არაგანაშვილი „ფორტუნასთან“ განმარტავს, რომ მშობლები ფიზიკური ძალადობისგან რიგ შემთხვევებში თავს იკავებენ, თუმცა, ძალადობის სხვა ფორმებს ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ პრობლემის განხილვისას, არ შეიძლება მხოლოდ მშობლების ბრალზე ვისაუბროთ და მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ არა მხოლოდ ოჯახში, არამედ საგანმანათლებლო სივრცეშიც მსგავსი ძალადობრივი გარემოა. ანა არაგანაშვილი აღნიშნავს, რომ შესაბამისი საჩივრებით მათ ორგანიზაციას ხშირად მიმართავენ.

„თუ ვინმეს ინფორმირების ვალდებულება აქვს მშობლების, ეს არის სახელმწიფო და ყველაზე მთავარი – მთლიანი სისტემა, სადაც ბავშვები იზრდებიან, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, ექიმთან ვიზიტით დასრულებული, სკოლა, ცეკვა და ა.შ. ასეთია – ძალადობრივი. სკოლაშიც კი, ბავშვის მხრიდან კითხვის დასმა მაგალითად, ნიშნის თაობაზე, აღიქმება დაუმორჩილებლობად და ისჯება ბავშვი,“ – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.

უფლებადამცველი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო ბულინგზე საუბარი, თუმცა აღნიშნავს, რომ პრობლემის გადაჭრა ბავშვებს შორის ძალადობაზე საუბრით არ უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ამ ბავშვებს მაგალითის მიმცემი და ქცევის მოდელი ჰყავს მასწავლებელი და სკოლა.

„როცა მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება, ძალადობის პრობლემებზე მუშაობა არ მიდის. ძირითადად, განიხილავენ ხოლმე ბულინგის პრობლემას,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირი ძალადობის შესახებ ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშიც საუბრობს. კვლევის შემდეგ სახალხო დამცველმა ბავშვის მიმართ ძალადობის 47 ინდივიდუალურ შემთხვევაზე საქმისწარმოება დაიწყო. „ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენი პედაგოგია გადამზადებული ძალადობის საკითხებზე და რას აკეთებს განათლების სამინისტრო პრობლემის მოსაგვრებლად. უწყების სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ძალადობის საკითხებზე აქტიურად მიმდინარეობს მანდატურებისა და დამრიგებლების გადამზადება. როგორც მან “ფორტუნასთან” განმარტა, იმ სკოლებში, სადაც მანდატური არ ჰყავთ, გადამზადდნენ სკოლის დირექტორი ან მოადგილე. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით გადამზადებულია 6 000-მდე დამრიგებელი. უწყება მთლიანობაში 30 000-მდე დამრიგებლის გადამზადებას გეგმავს, თუმცა, რა ვადებში ეყოლება ყველა საჯარო სკოლას ძალადობის საკითხებში გადამზადებული დამრიგებლები, ჯერ უცნობია. რაც შეეხება საგნის მასწავლებლებს, ამ ეტაპზე მანდატურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს მხოლოდ 800 პედაგოგი ჰყავს გადამზადებული. თუმცა, ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ პედაგოგების საგნობრივი გადამზადების ტრენინგებში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხებიც არის გათვალისწინებული.

„ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, ასევე ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა სკოლაში. განათლების სამინისტროს მიერ უწყევტად ხორციელდება კამპანიები, პროექტები, ტრენინგები ამ მიმართულებით,“ – ამბობს ეკა ხუციშვილი.

 

ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ სასწავლო გარემოში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ფუნქციონირებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრიც.

„ცენტრში ხდება რთული ქცევის მოსწავლეების გადამისამართება, ამის პარალელურად ხორციელდება თერაპია მშობელთანაც, რომლის მიზანი მშობლის და შვილის ეფექტური ინტერაქციის ხელშეწყობა და ზოგადად, ოჯახის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებაა,“ – აღნიშნავს ეკა ხუციშვილი თუმცა, დასძენს, რომ ცენტრის რესურსები საკმარისი არ არის და სამომავალოდ უწყება სერვისის გასაძლიერებლად ალტერნატიული გზების მოძიებას გეგმავს.

რაც შეეხება სკოლისა და მშობლების კოორდინაციას, უწყებაში ამ მხრივ არსებულ პრობლემებს აღიარებენ. ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმ ღონისძიებებისა, რასაც განათლების სამინისტრო ახორციელებს, მშობლების ჩართულობა კვლავაც გამოწვევად რჩება.

„ზოგადი განათლების კანონში მინისტრის ინიციატივით შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, მშობელსა და სკოლას შორის ფორმდება ხელშერკულება და ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა სკოლასა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შორის. თანამშრომლობის საკითხებში გათვალისწინებულია ისეთ საკითხებზე თანამშრომლობაც, როგორიცაა მოსწავლის სოციალური ჩართულობა. ამისთვის არსებობს დამრიგებლის საათიც, რომელიც რეგულარულად ტარდება სკოლებში და წლის დასაწყისშივე იგეგმება სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძებები, რომელიც პირდაპირ მიმართულია მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, მასსა და საზოგადოებას შორის არსებული პრობლემების მოგვარებაზე.

ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილი პირდაპირ ავალდებულებს დამრიგებელს, სკოლის ადმინისტრაციას, რომ დამრიგებლის საშუალებით რეგულარულად იკონტაქტოს მშობლეთან და საწყის ეტაპზევე მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია, მოსწავლის ქცევითი თუ სხვა პრობლემის შესახებ,“ – ამბობს ეკა ხუციშვილი.

არასამთავრობო სექტორში კი მიიჩნევენ, რომ მშობელი “ფაზლის” მხოლოდ მცირე ნაწილია და ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად ცვლილებები საკანონმდებლო დონეზეა საჭირო.

„ბავშვთა უფლებების დარღვევას მათი აღდგენის ისეთივე მექანიზმი უნდა ჰქონდეს, როგორც აქვს დიდების შემთხვევაში. ბავშვის უფლებების დაცვა შეზღუდული გვაქვს ადვოკატებს, ამისთვის მისი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვა გვჭირდება, ხშირად კანონიერი წარმომადგენელი მოძალადეა. ამიტომ, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სასამართლოზე წვდომა, ადვოკატის აყვანა. 14 წლამდე ბავშვი ვერ მიმართავს სასამართლოს, რაც არ უნდა მოხდეს, 14 წლის ზემოთ გვიწერია, რომ შეუძლია მიმართვა, მაგრამ ადვოკატი თუ არ ჰყავს, იმ სარჩელს მარტო ვერ შეადგენს, კანონში კი წერია, რომ მას შემდეგ, რაც სარჩელს შეადგენს, მოსამართლე დაუნიშნავს ადვოკატს,“ – აცხადებს ანა არაგანაშვილი.

საპასუხოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ 14 წლამდე ბავშვს ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების სწორად განსაზღვრა არ შეუძლია.

„მე მესმის არგუმენტი, რომელსაც ამბობთ, მაგრამ 14 წლამდე ბავშვი საერთაშორისო პრაქტიკის და კვლევების მიხედვით, არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ შეეძლოს ასეთი საკითხების სწორად განსაზღვრა. თუმცა, ბავშვის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის დაცვის სხვადასხვა გარანტიებს იმ შემთხვევაში, როცა კანონიერი წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებებს იყენებს ბოროტად,“ – აცხადებს სოფიო კილაძე. რაც შეეხება 14 წლიდან მოზარდებისთვის ადვოკატის სერვისით სარგებლობის უფლებამოსილების მინიჭებას, სოფიო კილაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაჭრით ვერაფერს გვეტყვის.

„ამ საკითხს სიფრთხილით მოვეკიდებოდი, რომ კონკრეტულ ჩარჩოებს არ გავცდეთ,“ – ამბობს სოფიო კილაძე და აღნიშნავს, რომ ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დასრულებულია ბავშვის კოდექსზე, სადაც ბავშთა უფლებების დაცვის მექანიზმები და სახელწმიფო პროგრამები გაიწერება. ბავშვის კოდექსის პრეზენტაცია იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში იგეგმება.