LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მშობლები მაინც ანებივრებენ ბავშვებს” – პიროტექნიკით მიღებული გამოუსწორებელი ზიანი

პიროტექნიკააააააააა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება პიროტექნიკის გამოყენების და მისგან დაშავებული ადამიანების თემა. 2018 წლის დადგომა მხიარული არ ყოფილა 40-ზე მეტი ადამიანისთვის, მათგან 21 – ბავშვია, ეს მხოლოდ თბილისის მონაცემია. მიზეზი, როგორც ყოველთვის, პიროტექნიკის გამოყენებაა. ახალ წლამდე, თითქმის 1 თვით ადრე ბაზარზე შემოდის პიროტექნიკა და ამ პერიოდში ყოველ ნაბიჯზე ისმის აფეთქებების ხმა. მოქალაქეებს პიროტექნიკით მიღებული ტრავმები და დამწვრობები ძირითადად, ხელებისა და სახის არეში აქვთ. სტატისტიკა თითქმის ყოველწელს ერთნაირია, ყველაზე მეტი დაშავებული კი, ახალი წლის ღამეს ფიქსირდება. ყოველწლიურად საახალწლო შუშხუნებითა თუ ასაფეთქებელი საშუალებებით 70-დან 80-მდე დაზარალებული აკითხავს დამწვრობის ცენტრს. პიროტექნიკით დაზარალებულთა უმრავლესობა პირველ რიგში მტევნის დაზიანებას იღებს, შემდეგ მოდის სახე -კონკრეტულად კი, თვალის და ქუთუთოების დამწვრობა. პიროტექნიკის არასწორად გამოყენება მხედველობის დაკარგვის მიზეზიც არა ერთხელ გამხდარა. როგორც ცნობილია, წელს კლინიკამ პაციენტების მიღება უკვე დაიწყო. აღსანიშნია, რომ 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოში საახალწლო პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 111 შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს, ეს არის 2018 წლის სტატისტიკა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, პიროტექნიკით უკვე 30 ადამიანია დაზარალებული, ძირითადად კი ბავშვები.

„30-მა ადამიანმა უკვე მოაკითხა დამწვრობის ცენტრს სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, ძირითადად ეს არის ხელის მტევნის დამწვრობა. რთული შემთხვევა ჯერ არ გვქონია და იმედი გვაქვს, რომ არც გვექნება. აღსანიშნია, რომ პაციენტების უმეტესობა ბავშვები არიან, მათ გაეწიათ პირველადი დახმარება ჩვენთან, მივეცით დანიშნულება და ახლა მკურნალობას სახლში განაგრძობენ. მშობლებს ვურჩევთ, რომ მოარიდონ ბავშვები პიროტექნიკას,“ – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, დაზიანებების 60% მარჯვენა ხელის მტევანზე მოდის, დანარჩენი 40% კი, ნაწილდება მარცხენა ხელის მტევანზე, სახის, თვალისა და ქუთუთოების დამწვრობაზე, გულმკერდისა და ქვედა კიდურების დაზიანებებზე.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი წლის ღამეს სრული მზადყოფნა აქვს ცენტრს პაციენტების მიღებისთვის.

„ეს დაუწერელი კანონივითაა, საზეიმო პერიოდში ტრავმიანობა მატულობს და ყურადღება არის მოდუნებული, ამ დროს საყოველთაო ეიფორიაა და ჩვენთან მომართვიანობა ყოველთვის დიდია, შესაბამისად, ჩვენ სრულიად მზად ვართ პაციენტების მისაღებად, თუმცა ვისურვებდი, პიროტექნიკით დაზარალებულ ნაკლებ პაციენტს,“ – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

წინასაახალწლო დღეებში ყოველი ფეხის ნაბიჯზე გასაყიდად გამოტანილ პიროტექნიკის ნაწილს გამოყენების ინსტრუქცია ქართულ ენაზე კვლავ არ აქვს, რაც მომხმარებლისთვის სხეულის დაზიანების მიზეზი ხშირად ხდება. რადიო „ფორტუნამ“ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ის მოვაჭრეები გამოკითხა, რომლებიც პიროტექნიკას ყიდიან. მათი განცხადებით, ისინი ასაფეთქებლების გაყიდვისას ყველა მომხმარებელს უხსნიან მისი გამოყენების წესს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ მომხმარებლის წესებს, ყველა ინფორმაციას ვაძლევთ, თუ რომელი ასაფეთქებელი რომელი ასაკის მოზარდისთვის არის რეკომენდებული, ასევე, ვასწავლით გამოყენების წესს, თუმცა ცალობით შეძენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ აქვს ინსტრუქცია არა თუ ქართულ, არამედ არცერთ ენაზე,“ – განაცხადა გიორგი ჯოხაძემ.

მისივე განცხადებით, წელს კანონი ბევრად გამკაცრებულია და არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა დასჯადიც კი გახდა.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივყიდით არასრულწლოვანს პიროტექნიკას, ჩვენ 100 ლარით ვჯარიმდებით, მშობელი კი -200 ლარით. ამ კანონის გამო გაყიდვაც კი შეგვიმცირდა, თუმცა მშობლები მაინც ანებივრებენ ბავშვებს და ახარებენ მათ გულებს,“ – განაცხადა გიორგი ჯოხაძემ.

საქართველოს კანონმდებლობა

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 27 ივნისს მიიღო კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობისათვის. არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის გაყიდვა დასჯადი გახდება. აღნიშნულ რეგულაციას ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ავტორი და ინიციატორი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშია.

კანონდარღვევების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 100, იურიდიული კი 200 ლარით დაჯარიმდება. ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სანქცია ორმაგდება. ჯარიმა ადგილზე გამოიწერება.

საერთაშორისო პრაქტიკა

ასაფეთქებლების, მაშხალების, ე.წ. ყუმბარებისა თუ ტკაცუნების ძირითადი მომხმარებლები ბავშვები არიან, რომლებიც პიროტექნიკის შეძენასა და გამოყენებას ახალ წლამდე დიდი ხნით ადრე იწყებენ. ასაკობრივი შეზღუდვა პიროტექნიკის არასრილწლოვნებისთვის მიყიდვაზე უკვე არსებობს, თუმცა მოზარდები ჩუმად ან მშობლის დახმარებით მაინც ყიდულობენ ყველანაირ ასაფეთქებელს, რაც გამოტანილია გასაყიდად. სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციები აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პიროტექნიკის პროდუქციის ბაზარზე ხელმისაწვდომობა, მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის უფლება-მოვალეობები, მარკირება, შეფასება და ა.შ. ამას გარდა, საერთაშორისო გამოცდილებით, პიროტექნიკური საშუალებები იყოფა ფოიერვერკებად, თეატრალურ/სასცენო პიროტექნიკურ და პიროტექნიკურ საშუალებებად, რომელიც არ მიეკუთვნება ფოიერვერკს ან თეატრალურ/სასცენო პიროტექნიკას. გერმანიაში არასაშიში შუშხუნები, ხმის გარეშე, რომელსაც დაბადების დღეებზე და ახალ წელსაც იყენებენ, იყიდება მთელი წლის მანძილზე. ამ შუშხუნების ყიდვა შეუძლიათ ბავშვებსაც, მხოლოდ 12 წლის ასაკის შემდეგ. მეორე კატეგორიის – საახალწლო შუშხუნები, რომლებმაც შესაძლოა, რაიმე საფრთხე შეუქმნას ადამიანს, იყიდება მხოლოდ საახალწლოდ და გარკვეულ მაღაზიებს აქვთ მისი გაყიდვის უფლება. მათი ყიდვა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ადამიანებს. ასეთი შუშხუნის შეძენისას აუცილებელია თან გქონდეს პირადობის მოწმობა, რადგან ყოველთვის ამოწმებენ ასაკობრივ ზღვარს. აღსანიშნია ისიც, რომ გერმანიაში რეგულირდება პიროტექნიკის გამოყენების წესებიც კი და მისი დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აკრძალულია აივნიდან ან სახლიდან ფოირვერკის მოწყობა. გარემო, სადაც შუშხუნას ისვრიან, უნდა იყოს თავისუფალი, რომ ირგვლივ არაფერი დაზიანდეს. დიდ ბრიტანეთში პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა იკრძალება. პიროტექნიკური ნაწარმის გაყიდვის, ფლობისა და გამოყენების წესის დარღვევა ისჯება კანონით, ჯარიმა შეადგენს 5000-მდე ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს ან თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. რაც შეეხება აშშ-ს, იქ 18 წლამდე პირთათვის სამომხმარებლო ფოიერვერკის მიყიდვა ან გაცემა აკრძალულია ფედერალური კანონით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი დასაქმებულია სამომხმარებლო პიროტექნიკის რეალიზაციის ობიექტზე და მას ზედამხედველობას უწევს ობიექტის სრულწლოვანი თანამშრომელი.

საქართველოში არცერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო ათი წელია საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკის ნაწარმის რაოდენობა იზრდება. “საქსტატის” მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 4 მილიონ 21 ათასი ლარის პიროტექნიკური ნაწარმი შემოვიდა, მათ შორის ფოიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები და სხვა. ეს ბოლო წლებში იმპორტირებული პიროტექნიკის ნაწარმის ყველაზე დიდი რაოდენობაა, 2013 წლის შემდეგ, როცა ქართულ ბაზარზე 4 მილიონ 145 ათასი ლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოვიდა, – აღნიშნულია “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

დაზარალებული პაციენტები

სახის მძიმე დაზიანება მიიღო და თვალი დაკარგა რადიო „ფორტუნას“ რესპოდენტმა ნ.მ-მ, რომლის სახელს და გვარს მისივე თხოვნით ანონიმურად ვტოვებთ. ის იხსენებს ახალი წლის ღამეს, როცა მამასთან ერთად ასაფეთქებლებს ისროდა. ერთ-ერთ ასაფეთქებელს კი, ცეცხლი არ მოეკიდა და შესაბამისად იფიქრეს, რომ არც აფეთქდებოდა, გოგონამ პიროტექნიკა სახესთან ახლოს მიიტანა და ზუსტად ამ დროს აფეთქდა, რა დროსაც მან თვალი დაკარგა.

„2010 წელი იყო და მაშინ 11 წლის ვიყავი, ახალი წელი დგებოდა, მთელი თბილისი ნათდებოდა ფერადი ფოიერვერკებით, მე და მამაც ნაირ-ნაირ ხლაპუშკებს ვისროდით და ერთ-ერთ ასაფეთქებელს ცეცხლი ვერ წავუკიდეთ, სახესთან ახლოს მოვიტანე, რომ კარგად შემეხედა, რა სჭირდა და ზუსტად ამ დროს აფეთქდა, მივიღე ის დაზიანება, რომელსაც ახლა არაფერი ეშველება. მხედველობა დავკარგე და ეს ისეთი საშინელი ახალი წელი იყო, ვერც აგიხსნით, რამდენიმე დღე საავადმყოფოში გავატარე, იმ ღამესვე სასწრაფო ოპერაცია ჩამიტარდა და ოპერაციის დასრულებისთანავე გავიგე, რომ მხოლოდ შუშის თვალი მექნებოდა და მაშინ ეს ყველაფერი ძალიან მერთულებოდა, ხშირად ვტიროდი და განვიცდიდი, თუმცა რაც დრო გადიოდა ნელ-ნელა ვეგუებოდი ჩემს მდგომარეობას. ამ ამბის შემდეგ არანაირი პიროტექნიკა არ შემიძენია და რა თქმა უნდა, არც გამომიყენებია და ყველას იგივეს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად მოერიდონ ამ საშინელ გასართობს,“ – განაცხადა ნ.მ-მ რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მეორე რესპოდენტმა ბავშვობაში პიროტექნიკით ხელის მტევნის დაზიანება მიიღო და მარჯვენა ხელის 4 თითი დაკარგა. ახალი წლის ღამეს საახალწლო კონცერტზე გაშვებულმა ფოირვერკმა უდიდესი ზიანი მიაყენა და დღემდე ამ ამბავს ემოციების გარეშე ვერ იხსენებს. რესპოდენტს სურს, მისი ვინაობა არ გავამხილოთ. მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ფოიერვერკი გაუშვა და მისი ბოლო ვერსაც გადააგდო, რადგან გარშემო უამრავი ადამიანი იყო, შესაბამისად ხელში აუფეთქდა და ამის შედეგად მარჯვენა ხელის 4 თითი დაკარგა. მასაც წინა რესპოდენტის მსგავსად ოპერაცია იმავე ღამეს ჩაუტარდა ოპერაცია, ექიმების დახმარებით მტევანი შეუნარჩუნდა. იხსენებს, რომ ძალიან ნანობს, რადგან მისი ხვეწნის შემდეგ უყიდა მამამ ფოიერვერკი. ახლა ყველაზე საშიშ და საზარელ გასართობად მიაჩნია პიროტექნიკა და ყველა მშობელს ურჩევს, რომ ნებისმიერი სხვა გასართობით გაართონ შვილები და არა ასაფეთქებლებით, რომლებიც რეალურად ძალიან საშიშია.

პროდუქცია 2019 წლის მოლოდინშიც შეუზღუდავად იყიდება, ექიმები იმედოვნებენ, რომ კლინიკებში მიმართვიანობა წელს ნაკლები იქნება, განსაკუთრებით ბავშვებში.

ნუცა სალუქვაძე