LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლები განათლებისთვის“ სკოლებს მშობელთა ჩართულობის გაზრდაში დაეხმარება

137
მშობელთა ჩართულობა

საქართველოს საჯარო სკოლები მკაცრად ცენტრალიზებული ვერტიკალით იმართება – ეს შედეგები გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებულმა „მშობელთა ჩართულობის პრაქტიკის კვლევამ“ აჩვენა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია – „მშობლები განათლებისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სკოლებში მონაწილეობითი მართვის მხარდაჭერის პროექტი დაიწყო, რომელიც “კონრად ადენაუერის” ფონდის თანადგომით მიმდინარეობს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობა სკოლების მონაწილეობით მართვას მოითხოვს და მშობელთა ჩართულობის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა პრაქტიკაში სკოლების მართვაში მოსწავლეთა მშობლების მონაწილეობას ფიქტიური ხასიათი აქვს, ხოლო სხვა საკითხებში მშობელთა ჩართულობა არასისტემურობით და ფრაგმენტულობით გამოირჩევა.

ამასთან, როგორც  „მშობლები განათლებისთვის“ კვლევამ აჩვენა, მშობლებმა და სკოლის თანამშრომლებმა არ იციან მშობელთა უფლებების შესახებ. სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთობები უპირატესად დამოკიდებულია სკოლის დირექტორის ან კლასის დამრიგებლის მოტივაციაზე, პიროვნულ თვისებებსა და კომპეტენციაზე; მშობელთა რეალური ჩართულობა და ინიციატივები სკოლის ცხოვრებაში შეზღუდულია, მეტიც, მათი აქტივობა ნეგატიურად აღიქმება სკოლების მხრიდან;

ორგანიზაციის განცხადებით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ელ. სახელმძღვანელო სკოლებისა და მოსწავლეთა მშობლებისთვის, რომელიც მიზნობრივ აუდიტორიას განვითარებული ქვეყნების კარგი პრაქტიკის ადაპტირებას ქართულ რეალობასთან სთავაზობს.

“ამჟამად, პროექტი ორ პარალელურ ეტაპად განხორციელდება. ერთი მხრივ, განათლების ექსპერტები მიზნობრივ სკოლებთან იმუშავებენ, ჩაატარებენ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს. მეორე მხრივ კი, სოციალურ მედია ფეისბუკზე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია გაიმართება, რაც დაინტერესებული საზოგადოებისთვის სკოლებში მშობელთა ჩართულობის აქამდე ბუნდოვან საკითხებს თვალსაჩინოს გახდის.

შემდეგი 5 თვის განმავლობაში მშობლებს, მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ უფასო ვებინარებში, ისარგებლონ სხვადასხვა მულტიმედია მასალით და მონაწილეობა მიიღონ ამავე თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიებში,” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პროექტის შედეგად, 3 საჯარო სკოლას  შესაძლებლობა ექნება დანერგოს მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც განათლების სპეციალისტების დახმარებით შექმნის. ხოლო ფართო საზოგადოება საქართველოში მშობელთა ჩართულობის  თვალსაზრისით ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნობა, ასევე განვითარებული ქვეყნების კარგ პრაქტიკას და ქართულ რეალობასთან ადაპტირებულ მეთოდებს, თუ როგორ გაზარდონ სკოლაში მშობელთა ჩართულობა.