ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი 19 წლის ორსული სესილი ბუბუტეიშვილი 4 იანვარს დაკრძალეს.
გარდაცვლილის ოჯახი კლინიკის ექიმების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მშობიარე კლინიკაში 15 დეკემბერს ზუგდიდიდან შეიყვანეს.
მედიკოსებმა საკეისრო კვეთისთვის მოამზადეს, თუმცა საოპერაციოში შესული ქალი კომაში ჩავარდა და რამდენიმე დღეში გარადაიცვალა.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ მშობიარეს გარდაცვალება ანესთეზიის ზედოზირებას ან ვადაგასული მედიკამენტის გამოყენებას მოჰყვა.
„სესილის ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, სრულიად ჯანმრთელი იყო. ქუთაისში იმიტომ წავიყვანეთ, რომ ექოსკოპიური დასკვნიდან გამომდინარე ბავში იყო გარდი-გარდმო. ოპერაციის პროცესში გაჩერდა გული, რამაც გამოიწვია შემდეგ ტვინის შეშუპება, რამაც შემდეგ გამოიწვია უკვეს ფატალური შედეგი.
ზუსტად არ იციან და არც მე ვიცი რა მოხდა იმ დროს. მაგრამ მე გავდივარ კონსულტაციებს კომპეტენტურ ადამიანებთან და მაინც ყველა გზა, როგორც მეუბნებიან, მიდის ანესთეზიისკენ. გარდაცვალების მიზეზი არის არის გადაჭარბებული დოზა, ან უხარისხო მედიკამენტი, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
საკითხს ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს.
სამედიცინო და ფარმაცევტული სააგენტოს რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი გუნცაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში თუკი მომხდარში სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთება, საქმეში საგამოძიებო უწყებები ჩაერთვებიან“.
„სასამართლო- სამედიცინო დასკვნის მიღებისთანავე, მიიღება გადაწყვეტილება. თუ სამსახურებრივი უპასუხიმგებლობა დადასტურდება, შესაბამისი უწყებები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ”, – აცხადებს გუნცაძე „ფორტუნასთან“.
მისივე ინფორმაციით, როგორც კი გოგონა გარდაიცვალა, 29 დეკემბერს, რეგულირების სააგენტომ გამოძიება დაიწყო.