33 წლის მშობიარე ქალი მაია კუჭავა ჩვილთან ერთად გარდაიცვალა. 7 თვის ორსული კლინიკა „ღია გულში“ 2 ნოემბერს, მაღალი არტერიული წნევით შეიყვანეს. აღნიშნულ კლინიკაში მუშაობს მისი გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მეან-გინეკოლოგმა პაციენტი ასისტენტს გადააბარა, რომელმაც მაია კუჭავას არასწორი მედიკამენტებით უმკურნალა, შედეგად კი, ოჯახის წევრების განცხადებითვე, ფეხმძიმე ქალს კრუნჩხვა დაემართა და ახალშობილი გაიგუდა.
ოჯახის წევრები ასევე აცხადებენ, რომ მაია კუჭავა ჩვილის გარდაცვალების შემდეგ, 24 საათის შემდეგ ბუნებრივად ამშობიარა მამუკა ნემსაძემ, ტკივილის და ტრავმის შედეგად კი ახალგაზრდა ქალს ტვინში გაჟონვა დაემართა და კომაში ჩავარდა.
მაია კუჭავას ოჯახი მამუკა ნემსაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.
„2 ნოემბერს შევიყვანეთ კლინიკაში „ღია გული“ 180 წნევით. იქაც არ მიაქციეს ყურადღება. ნატა ექიმს ეხვეწა, აქ ვდგავარ წნევიანი და მომხედეო. ნატა მამუკას ასისტენტია, რომელსაც გამოცდილება არ აქვს. თუ ასეთ შემთხვევასთან შეხება არ ჰქონია, საერთოდ არც უნდა აეღოთ ასეთ პაციენტზე პასუხისმგებლობა. ახლა იძახის ჩემთვის არ უნდა გადმოებარებინაო, თვითონ არ უნდა აეღო პასუხისმგებლობა. მშობიარე ჩაუვარდათ კრუნჩხვაში. გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე, რომ შეგვხვდა გვეუბნებოდა გოგოს სძინავსო, არადა კომაში იყო გოგო“, – აცხადებს გარდაცვლილის და „ტვ პირველთან“ საუბრისას.
კლინიკა „ღია გულიდან“ კომაში მყოფი მაია კუჭავა საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ფორტუნას“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, პაციენტი მათთან ოჯახის წევრების თხოვნით კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ჩვენთან გადმოყვანილი იყო პაციენტი ერთ-ერთი კლინიკიდან. ოჯახის წევრების მოთხოვნით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. შემოვიდა სამბალიანი კომით, თავის ტვინის შეშუპებით, თავის ტვინის ანოქსიური დაზიანებით. იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა შეფასდა კრიტიკული. ოჯახის წევრები ინფორმირებული იყვნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადასტურდა თავის ტვინის სიკვდილი და ფაქტობრივად, ჩვენს კლინიკაში მხოლოდ გული მუშაობდა. ვერ გეტყვით, რა მოხდა სხვა კლინიკაში, ამაზე ინფორმირებული არ ვარ“, – განმარტა ლევან რატიანმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.
„ფორტუნა“ კლინიკა „ღია გულსაც“ დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მათივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.
ეს რა ჯოჯოხეთი დაგვიყენა მიწაზე მამუკა ნემსაძემ და მისმა გუნდმა, ეს რა გვიქნეს ხალხო? ჯანმრთელი, ნიჭიერი, საღსალამათი…
Posted by Ia Kuchava on Wednesday, December 7, 2022