LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშია და სულ ცოტას რატომ მაძლევო, ამას რომ შვილი გეტყვის“ – ბავშვები და დიაბეტი

ბავშვის წონაში კლება, გახშირებული შარდვა და გაძლიერებული წყურვილი – ეს ის სიმპტომებია, რაზეც მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს და მისი აღმოჩენის შემთხვევაში, განგაში ატეხოს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი, როგორც დაავადება, გაახალგაზრდავდა და, თუ აქამდე ის 10 წლიდან ზევით ბავშვებში გვხვდებოდა, ზღვარმა დაიწია და 5 წლამდე ასაკის ბავშვებიც მოიცვა.

„დედა, გეხვეწები, მაჭამეო, არ გეცოდებიო. მშია და სულ ცოტას რატომ მაძლევო… რა ჭკუაზე უნდა გიღირდეს ცხოვრება, მითხარით. მოზარდია და ახლა რომ ეტყვი, დე, ეს არა, დე, ის კი, დე, ეს არ შეიძლება. რატომ დედიკო, სულ არ უნდა მორჩესო ეს ნემსებიო… დავიღალეთ. რა უნდა ამ პატარებში ამ დიაბეტს, რა,“  – წერს „ფეისბუკის“  საკუთარ გვერდზე ფიქრია მიგინეიშვილი.

ის 6 წლის სანდროს დედაა, რომელსაც ორი წელია, შაქრიანი დიაბეტი დაუდგინდა.

როგორც ფიქრია “ფორტუნასთან” საუბრისას ამბობს, სანდრო წელიწადში რამდენჯერმე გამოკვლევაზე დაჰყავს. სისხლში შაქრის ოდენობას კი ყოველდღიურ რეჟიმში უკონტროლებს. რაც შეეხება ინსულინს, დღეში ის 5-6 ინექციას იღებს. გარდა ამისა, სანდროს მკვეთრად აქვს განსაზღვრული კვების, ძილისა და სპორტული აქტივობებით დატვირთვის განრიგი.

ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება I ტიპის დიაბეტი – ინსულინდამოკიდებული. ის აუტოიმუნური დაავადებაა, რაც ნიშნავს ორგანიზმის იმუნური სისტების არასწორ მუშაობას, რაც კუჭქვეშა ჯირკვალზე ახდენს დარტყმას, ის კი, თავის მხრივ, ინსულინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.

საქართველოში ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე 950 ბავშვია რეგისტრირებული. მათგან 2017 წელს 156 შემთხვევა გამოვლინდა, 2016 წელს კი – 145.

ენდოკრინოლოგების თქმით,  ეს არცთუ ისე პატარა მაჩვენებელია.

ენდოკრინოლოგი ეკატერინე ფაცაცია „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ შაქრიანი დიაბეტი დაავადებად იმ შემთხვევაში აღარ აღიქმება, თუ შერჩეული ინსულინო და დიეტოთერაპია პაციენტისთვის გახდება ცხოვრების წესი, ანუ პაციენტი ისწავლის, როგორ უნდა იცხოვროს ამ დაავადებით. ამით გართულებებიც თავიდან იქნება აცილებული.

„ჩვენ ბავშვთა და მოზარდთა ასაკში ვსაუბრობთ პირველი ტიპის დიაბეტზე, ანუ ინსულინდამოკიდებულ დიაბეტზე. ეს არის პროცესი, როცა ზიანდება კუჭქვეშა ჯირკვალი და არ გამომუშავდება ინსულინი. ინსულინის ძირითადი ფუნქცია კი არის სისხლიდან შაქრის გადატანა სხვა ორგანოებში. დიაბეტის გამომწვევი გარემო ფაქტორები არ არსებობს. არსებობს მისი ხელშემწყობი ფაქტორები. ეს შეიძლება, იყოს ვირუსი, სტრესი, არასწორი კვება, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ კვება განაპირობებს ამას. ბავშვი, რომელიც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს, ცალსახად იმის თქმა, რომ სარისკოა და ის შაქრიანი დიაბეტით დაავადდება, არ შეიძლება. როცა ბავშვს აქვს დიაბეტი და დიაგნოსტირებულია, ეს აფერხებს ზრდა-განვითარებას, თუმცა, არ  იგულისხმება მისი მენტალური ნერვული სისტემის განვითარება. ამაზე ის ზეგავლენას არ მოახდეს იმ  შემთხვევაში, თუ დაავადება სწორად იმართება, სწორად არის დანიშნული დიეტო და ინსულინოთერაპია. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ამას რიგი გართულებებიც შეიძლება, მოჰყვეს, მათ შორის მხედველობის დაქვეითება, ქვედა კიდურების, ღვიძლისა და თირკმელის პრობლემები,“  – აღნიშნა ეკატერინე ფაცაციამ.

მისივე თქმით, ადრეულ ასაკში შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი არ ამცირებს არც სიცოცხლის ხანგრძლივობას და არც შვილოსნობის უნარს აქვეითებს. ერთადერთი რეკომენდაცია კი, რომელიც მედიკოსებს აქვთ, არის ნახშირწყლების შემცვლელი პროდუქტების შემცირება, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ეს პროცესს არ აჩერებს.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები