ავიაკომპანია KLM-ს მანჩესტერიდან ამსტერდამისკენ მიმავალ რეისზე მომხდარი მასობრივი ჩხუბი სხვა მგზავრებმა გადაიღეს და მოგვიანებით ქსელშიც გაავრცელეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
როგორც გამოცემა აზუსტებს, მომხდარის დეტალები ჯერ-ჯერობით ისევ ზუსტდება. ხოლო მგზავრი, რომელმაც გადაიღო კიდეც ჩხუბი, აცხადებს რომ ჩხუბი ახალგაზრდა ბრიტანელი მგზავრის რასისტული ფრაზის შემდეგ დაიწყო.
კადრში ჩანს, თუ როგორ მივარდება მგზავრთან სამი მამაკაცი და მის ცემას იწყებს. დაზარალებულს სხვები გამოესარჩლნენ და ჩხუბში ჩაერთვნენ. ეკიპაჟის წევრებმა დებოშირების დაწყნარება ვერ შეძლეს და სიტუაცია მხოლოდ პილოტის ჩარევის შემდეგ ჩაწყნარდა.
შედეგად ხომალდის მეთაურმა პოლიციას მიმართა. ამსტერდამში ჩაფრენისთანავე 6 კანონდამრღვევი დააკავეს, ერთ-ერთს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა მიღებული.
ავიაკომპანიამ კი დააზუსტა, რომ ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დაზარალებულა.