„ტაქსისტი მიყვება ისტორიას, 14 ავარია მაქვს გაკეთებულიო“; „დაგლეჯილ სავარძელზე პლედი აქვს გადაფარებული“; „ იტალიელ სტუმრებს აეროპორტიდან მცხეთამდე 150 ლარი მოთხოვა ტაქსმა”; „ტაქსისტი ისე მოძრაობს, როგორც შუმახერი თხილამურზე“.
ასეთი, კიდევ უფრო უცნაური, ხშირად სახიფათო და არაკომფორტული სიტუაცია თბილისში ტაქსით გადაადგილების განუყოფელი ნაწილია.
სპონტანურად გაჩერებულ ტაქსებში ბერმუდის სამკუთხედის ეფექტით იკარგება ტელეფონები, ლეპტოპები და პირადი ნივთებიც. როგორც წესი, მგზავრმა მძღოლის ნომერი ან სახელი არ იცის, ავტომანქანის ნომერს კი თითქმის არავინ ინიშნავს წინასწარ.
ვინ და როგორ ემსახურება თბილისში მგზავრებს, ოფიციალური ტაქსოკომპანიების გარდა, რამდენი ტაქსი მოძრაობს ქალაქში და როგორია მგზავრობის ღირებულება?! – თბილისის მერია დღემდე უკონტროლო სფეროს საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას იწყებს.
“არ არის ცნობილი სატაქსო გადაზიდვებით დაკავებული ადამიანებისა და გამოყენებული ავტომანქანების რაოდენობა. მგზავრთა გადაყვანის მიზნით გამოყენებული მსუბუქი ავტომობილების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია (რაც პირდაპირ კავშირშია მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებასთან), არ არის დაცული სისუფთავე. მგზავრთა გადაყვანით დაკავებული მძღოლების ნაწილი არ ფლობს შესაბამის უნარ‐ჩვევებს (ქუჩების/მისამართების ცოდნა)“, – წერია ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
მერიის გეგმის მიხედვით, თბილისში მოძრავი ტაქსების რეგულირება სამ ეტაპად იქნება გაწერილი.
პირველი ეტაპი
პირველ ეტაპზე, თბილისში მგზავრების მომსახურებისთვის ტაქსებს ნებართვის აღება მოუწევთ. ნებართვა გაიცემა მარტივად, ერთი სარკმლის პრინციპით ელექტრონულად ან არაელექტრონულად, როგორც მოსახერხებელი იქნება პიროვნებისთვის. ტაქსის ნებართვისთვის ერთჯერადი საფასური – ე.წ. ფურცლის საფასური დადგინდება. გადასახადი არ შეეხება ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებს.
ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, მგზავრთა გადაყვანის დროს იქონიოს სანებართვო ფორმა, რომელიც გაკრული იქნება მანქანაში. იქ იქნება იდენტიფიცირებული ნებართვის ნომერი, ადამიანის სახელი და გვარი. ასევე მას ევალება, რომ ავტომობილზე ჰქონდეს ტაქსის ნიშანი.
მეორე ეტაპი
ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წელს ავტომანქანებზე ტექდათვალიერების შემოღებას ემთხვევა. შესაბამისად, ტაქსები, ისევე როგორც სხვა მსუბუქი ავტომანქანები, ტექნიკურ დათვალიერებასაც გაივლიან. უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობასთან ერთად, ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალურ მდგომარეობას როგორც სალონში, ასევე გარედან.
მესამე ეტაპი
ტაქსების რეგულირების მესამე ეტაპის ამოქმედება დაახლოებით 3 წლის შემდეგ არის დაგეგმილი. ტაქსის მძღოლს დაევალება ტაქსომეტრის დაყენება, რომელიც სანდოს გახდის მგზავრობის ხარჯებს. ტაქსომეტრები განსაკუთრებით ტურისტებისთვის გაამარტივებს მგზავრობის ღირებულების დადგენას.
თბილისის მიერ დაანონსებულ რეგულაციებს განსხვავებულად ხვდებიან ტაქსოკომპანიები და კერძო ტაქსის მეპატრონეები.
ტაქსოკომპანია “200-200″-ის დირექტორის ედუარდ ლომიძის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების შემოღებამდე ტაქსოკომპანიებთან კონსულტაცია არავის გაუვლია. მიუხედავად ამისა, დაანონსებულ ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავს.
„არ ვიცით რამდენი იქნება ნებართვის ღირებულება. საუბარია წლიურ ერთჯერად გადასახადზე და ალბათ დიდ ტვირთად არ დააწვება მძღოლებს. ეს არც მგზავრობის გაძვირებას გამოიწვევს. რაც შეეხება ტექნიკურ გამართულობას, ეს ყველა მანქანას ეხება და არა მარტო ტაქსებს. კითხვები გვრჩება მრიცხველებთან დაკავშირებით. იმედია, საფასო პოლიტიკის განსაზღვრაში მერი არ ჩაერევა და თავად კომპანიები დააწესებენ მგზავრობის ფასს“, – ამბობს „ფორტუნასთან“ ედუარდ ლომიძე.
მერიის მიერ ახალი რეგულაციების შემოღებას უარყოფითად აფასებს კერძო ტაქსის მფლობელი. მამუკა თათევოსიანი არცერთ ტაქსოკომპანიაში არ არის გაწევრიანებული და მხოლოდ ღამის საათებში მუშაობს.
„რეგულარულად არ ვტაქსაობ. შეიძლება თვე ისე გავიდეს, ერთხელ გამოვიდე და გადასახადი რატომ უნდა გადავიხადო. მრიცხველს რომ მიმონტაჟებს და კილომეტრაჟს მიწერს, საერთოდ არ ვიღებ საფასურს კილომეტრაჟით. ღამით სხვა ფასია, საცობიან მონაკვეთზე სხვა ფასია, უბანს გააჩნია. საერთოდ, აზრი ეკარგება ტაქსაობას“, – საუბრობს “ფორტუნასთან” მამუკა თათევოსიანი.
მერიის მიერ დაანონსებული ცვლილებების ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ნებართვის გარეშე მგზავრთა გადაყვანისთვის ტაქსი 200 ლარით დაჯარიმდება. სანებართვო პირობების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.
თამუნა გოგუაძე