„ყველას, ვისაც განსაკუთრებით უაზრო ქმედებებში მოუწია მონაწილეობა, მათ შორის სასულიერო პირებს, მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ საჯაროდ, ყველას წინაშე, იმიტომ რომ ეს მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს უფლისკენ მობრუნებისა, ეკლესიისგან შეწყნარებისა”,- ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას მომხდარი შემთხვევის მონაწილეებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს მიმართა და შენდობისკენ მოუწოდა.
„ყველას, ვისაც განსაკუთრებით უაზრო ქმედებებში მოუწია მონაწილეობა, მათ შორის სასულიერო პირებს, მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ საჯაროდ, ყველას წინაშე, იმიტომ რომ ეს მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს უფლისკენ მობრუნებისა, ეკლესიისგან შეწყნარებისა. მრევლი, ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, შენდობა ითხოვონ, ოღონდ თავიანთ მოძღვრებთან, ვინც არის მორწმუნე და ვინც არ არის მორწმუნე ახლა თვითონ თავის თავს მიხედავს. უფალი როგორ დახვდება, ეგ თვითონ იკითხოს, მაგრამ ვისაც აქვს სინდისი ქრისტიანული, მივა მოძღვართან და შენდობას ითხოვს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ერის ხალხი საჯაროდ იხდიდეს ბოდიშს. ერის ხალხმა თავის მოძღვრებთან უნდა ითხოვოს შენდობა და ყველას მიეცემა შენდობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
შეგახსენებთ, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად საეპისკოპოსო რეზიდენციის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორი მედიის ექვსი წარმომადგენელი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსსკ-ის 124-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.