LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მრავალრიცხოვანი აქცია ლარსზე, შეიძლება უშუალოდ რუს ლტოლვილებთან რაიმე სახის შეხლა-შემოხლით დაგვირგვინდეს, ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს“ – კახა გოგოლაშვილი

107
BeFunky-collage

„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი დღეს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან პარტია დროას ორგანიზებით დაანონსებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის აქციის გამართვის მიზანი გაუგებარია.

ლარსზე საპროტესტო აქცია გაიმართება: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი მკაფიო პოზიცია“

„არ მესმის ლარსზე აქციის გამართვა რა მიზანს ემსახურება. რა, შემოსულ მიგრანტებს უნდა აუფრიალონ ტრანსპარანტები, აქ ნუ შემოდიხართ, არ გვინდიხართო?

თუ აქციაა, მთავრობის სახლის წინ უნდა გაიმართოს თბილისში, რადგან სწორედ მთავრობას უნდა მოსთხოვო, რომ იმოქმედოს და არა რიგებში დგომისგან და ფეხით მრავალი კილომეტრის გავლისგან გაწამებულ, უძილო რუს “ტურისტ”-ლტოლვილს, რომელსაც თავისი გასჭირვებია. მეორეც, მრავალრიცხოვანი აქცია ლარსზე, შეიძლება რაიმე პროვოკაციაშიც გადაიზარდოს.

ანუ, უშუალოდ რუს ლტოლვილებთან რაიმე სახის შეხლა-შემოხლით დაგვირგვინდეს.  ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს. საჭიროა ქვეყანაში შემოსულთა ნაკადის ლეგალური გზებით შეზღუდვა  და არა ფიზიკური დაპირისპირებით ან რაგბის შერკინებით მათი შეჩერება“,- წერს კახა გოგოლაშვილი.

შეგახსენებთ, აქციის ორგანიზატორები რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მსურველი მოქალაქეების ნაკადის ზრდასა და ქვეყანაში მათ შემოშვებას გააპროტესტებენ.

ორგანიზატორების ცნობით, მოქალაქეები 10:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ლარსის გამშვები პუნქტისკენ გაემართებიან.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 ათას 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 ათასზე მეტმა კი საქართველო დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები