LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოზარდთან ურთიერთობის უალტერნატივო გზა გარდატეხის ასაკში არის მასთან მეგობრობა“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ პროექტის ,,აზროვნების აკადემია” ფარგლებში გარდატეხის ასაკის სურთულეებზე ისაუბრა და მშობლებს რჩევები მისცა.

მოზარდობის ასაკი ძალიან რთულია. ამ ასაკში დაბლდება ადამიანის თვითშეფასება. ობიექტური რეალობის მიუხედავად, მოზარდი თვლის, რომ ის არაფერს წარმოადგენს, აქვს კომპლექსები გარეგნობასთან დაკავშირებით, თვლის რომ არაღიარებულია სხვების მიერ. ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ამ ასაკში მასთან მეგობრობაა.  თუ თქვენი შვილი უსმენს მუსიკას, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, მაინც დაჯექით და მოუსმინეთ მასთან ერთად. დაუსვით კითხვები ამის შესახებ, დაინტერესდით იმით, რითიც თქვენი შვილია დაინტერესებული, დაუსვით კითხვები საყვარელ თამაშებზე, ფილმებზე. არ არის სასურველი ამ ასაკში მოზარდისათვის ზემოდან ყურება და დირექტივების გაცემა. უმჯობესია, მისთვის იყოთ მეგობარი, რომ აღგიქვათ თანასწორად და არა ზემდგომად.

ხშირად მშობელს ჰგონია, რომ ზედმეტი სიმკაცრე მას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს სიტუაცია მაშინ, როდეაც რეალურად წარმოდგენა არა აქვს თავისი შვილის შინაგან ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ  მოზარდთან ურთიერთობის უალტერნატივო გზა გარდატეხის ასაკში არის მასთან მეგობრობა.

მნიშვნელოვანია დავანახოთ შვილებს, რომ ჩვენ მათი გვესმის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ, უნდა გვესმოდეს მათი. გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვს უნდა დავანახოთ, რომ მისი ინტერესები ჩვენთვისაც საინტერესოა. არ შეიძლება გამოიყენოთ მასთან საუბრისას ფრაზები ,,რა სისულელეს ამბობ“ „ნუ ბოდიალობ რაღაცას“ და მსგავსი.

მშობელმა დაძაბულობა უნდა განმუხტოს იმით, რომ  შვილს მისი ასაკის ადამიანივით მოექცეს. ამ დროს სწორი არ არის  მუდმივი აკრძალვები.

11 წლის ბავშვს უკვე მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის და ყველაფრის უფლება აქვს. სხვა ბავშვებთან კომუნიკაციისას ის იგებს, რომ მისი თანატოლი სადღაც გაუშვეს, რაღაც უყიდეს, სადღაც წაიყვანეს და თუ მას იგივე არ აქვს, ეს ბავშვს სტრესში აგდებს, ამ ყველაფრის განმუხტვა კი მეგობარული დამოკიდებულებითაა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშობელმა შეძლოს ავტორიტეტის შენარჩუნება. ამისთვის საჭიროა თქვენმა შვილმა აღგიქვათ თანამედროვე ადამიანად, რომელიც დროს ფეხს უწყობს და აქვს თანამედროვე მიდგომები. გარდატეხის ასაკში მყოფი ადამიანი ყურადღებას აქცევს თავისი მშობლის გარეგნობასაც, მის ჩაცმულობას, ასევე იმას, თუ რამდენად მიღებულია მშობელი საზოგადოებაში, სცემენ თუ არა მას პატივს და ა.შ. ყველა ეს ნიუანსი მნიშვნელოვანია. მოზარდს სურს დაინახოს, რომ მისი მშობელი რამეს წარმოადგენს საზოგადოების თვალში.

ცხადია ეს ყველაფერი არ ნიშნავს ბავშვის ან მოზარდის თავის ნებაზე მიშვებას. სანამ ის მშობლის პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფება, მშობელს არ შეუძლია ამის გაკეთება და არც უნდა გააკეთოს. დათმობები, კომპრომისები და შვილთან მეგობრობა იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ. ეს უკვე მეორე უკიდურესობაა. არსებობს რაღაცეები, რაც არ განიხილება ამ კუთხით და არც კი არის საუბარი ამაზე. მაგრამ ყველაფერში, რაც საფრთხეს არ შეუქმნის ბავშვს, უნდა ვეცადოთ კომპრომისზე წასვლას და მეგობრულ მოლაპარაკებას შვილთან.