LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდისთვის მნიშვნელოვანია გვერდით სანდო და გამგები პიროვნება ჰყავდეს: ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის მომსახურების ცენტრი იხსნება

153
-110246506-girl-illustration-2-nc

თბილისსა და ქუთაისში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება. ცენტრი სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში განხორციელდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, საქართველოს მთავრობამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია დაამტკიცა.

ცენტრი 2021 წლის განმავლობაში, საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და მომსახურებას გაუწევს იმ ბავშვებს, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არიან. ცენტრის მომსახურების მიზანია, ბავშვებზე მორგებულ გარემოში, მათი ინტერესების გათვალისწინებით, თავიდან აიცილონ მეორეული ვიქტიმიზაცია (რაც გულისხმობს არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვას, სადაც მას ისეთ ფაქტებს ახსენებენ, რომლებიც მას თავდაპირველ სტრესს და განცდებს უახლებს) და მოხდეს მათი ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია. ცენტრის იდეა და პრინციპი, ძალადობის მქონე ბავშვების დახმარებაზეა ორიენტირებული, რაც ასევე გულისხმობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

მთავრობის ადმინისტრაციის, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის ანა ბოკუჩავას განცხადებით, ცენტრი საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, რომელიც მსოფლიოში „ბარნაჰაუსის მოდელის“ სახელით არის ცნობილი.
ცნობისათვის, „ბარნაჰაუსის მოდელი“ კონსტრუქციულად გაწერილ ეტაპებს მოიცავს, რომელიც ინდივიდუალურად არის მორგებული თითოეულ ბენეფიციარზე, სადაც სპეციალისტები არიან ჩართული.

 

“ფორტუნა” ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს მარიამ შოვნაძეს დაუკავშირდა და ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით აზრი კითხა:

– ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტის არსებობა, რადგან ამ პრობლემასთან სხვა ბენეფიციარებიც იკვეთებიან. თემა უფრო ღია და აქტუალური ხდება. „ბარნაჰაუსის მოდელი“ კი ზუსტად პასუხობს მსგავს პრობლემებს. მოზარდებში სექსუალურმა ძალადობამ შესაძლოა მრავალი სახის პრობლემა გამოიწვიოს, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. პრობლემების მრავალფეროვანი სპექტრია, მაგალითად: ურთიერთობები, სოციალური ცხოვრება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და მათ შორის აკადემიური მოსწრებაც. უფრო ზრდასრულ ასაკში, მაშინ, როდესაც აქტიურ ურთიერთობებს იწყებენ, შესაძლოა ამ პრობლემამ ფიზიკური ტრავმაც გამოავლინოს, ისეთი როგორიცაა „ვაგინიზმი“. ამ დროს კი ძალიან მნიშნელოვანია მათი სწორი განათლება ამ საკითხთან დაკავშირებით. მშობლებს ვეტყოდი, რომ მოზარდებთან საჭირო და მნიშვნელოვანია ჯანსაღი, სანდო და აქტიური კომუნიკაცია. მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია გვერდით სანდო და გამგები პიროვნება ჰყავდეთ, რომელსაც ენდობიან, რათა არ ქონდეთ დაუცველობის შეგრძნება და არ მოხდეს მათი ჩაკეტვა თავიანთ პრობლემებთან. ასე რომ, ყველა მშობელს და მოზარდს ვუსურვებ მეტ სანდოობას და ღიაობას როგორც ერთმანეთთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან.

ცენტრის პილოტირება 2021 წლის ბოლოს დასრულდება. რის შედეგადაც შესაძლო მსჯელობა იქნება ცენტრის ბენეფიციართა წრის გაფართოებაზე. პროექტი გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები