ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ და მოწმეზე ზეწოლის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყებას სთხოვენ.
“ჩვენს ოფისში მოვიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ და გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდა მსჯავრდებულის ოჯახის წევრთან, საუბარია კორტების სპეცოპერაციის მსჯავრდებულის ოჯახის წევრზე და გარკვეული თანხა შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ის სიმართლე, რაც თქვა გამოძიებაში თუ სასამართლოში, აღნიშნული სახის ინფორმაცია შეეცვალა. ჩვენ მოვთხოვეთ, რომ მის მიერ მონათხრობი ამბავი დაგვეფიქსირებინა ვიდეოსაშუალების გამოყენებით და ეს ასეც მოხდა. ვალდებულები ვართ, მივმართოთ საგამოძიებო ორგანოს და მოვთხოვოთ საგამოძიებო ორგანოს, ამ შემთხვევაში პროკურატურას სამართლებრივი რეაგირება,“ – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ადვოკატ მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნული პირი ამბობს, რომ მას ლიკვიდაციითაც დაემუქრნენ.
“მან ისაუბრა ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაზე, რომელიც მისი თქმით მის მიმართ განხორციელდა და მან ჩათვალა რომ ეს ჩვენ უნდა გვცოდნოდა,” – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.