LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწმე, რომელმაც ხორავაზე ყველაფერი დაინახა, დეტალებზე არ საუბრობს – სერგი კაპანაძე

91

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოწმე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობისას მანქანაში იჯდა და ხედავდა ყველაფერს, რაც მის წინ ხდებოდა, დეტალებზე არ საუბრობს.

კაპანაძის თქმით, აღნიშნულ თვითმხილველს სავარაუდოდ, ჩვენების მიცემა კიდევ მოუწევს.

“დავკითხეთ მოწმე, რომელიც იჯდა მანქანაში და ხედავდა ყველაფერს, რაც მის წინ ხდებოდა. სავარაუდოდ, მას გაფართოებული კომისიის წინაშე ჩვენების მოცემა კიდევ მოუწევს. თვითმხილველი დეტალებზე არ საუბრობს, საამისოდ ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ახლა რაიმეს თქმისგან თავს შევიკავებ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი დასკვნები გვექნება. შეუძლებელია ადამიანს, რომლის წინ ასეთი დანაშაული ხდება, რამე არ დაენახა. თვითმხილველიც აღნიშნავს, რომ ამ ჩხუბში 20-25 ადამიანი მონაწილეობდა,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა “ევროპული საქართველოს” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ. მისი თქმით, მოწმე აცხადებს, რომ მისი პირველადი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ დევს მაშინ, როცა კახიძის ინფორმაციით, მოწმე ამბობს, რომ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

“დღეს ეს ადამიანი გვეუბნება, რომ არაფერი დაუნახავს. მაშინ, როდესაც მისი თვალთახედვის არეალში იყო უშუალოდ ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო დაჭრა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, “- აცხადებს ოთარ კახიძე.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.