თბილისის ერთ-ერთ უბანში 13 წლის ბავშვმა 7 წლის ბიჭს სიგარეტი შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი სიგარეტი მას ცხვირის ნესტოებში შეტენა. ამბავი მშობლებს ერთ-ერთმა თვითმხილველმა ბავშვმა უამბო.
ბავშებს შორის ძალადობის ფაქტები გვხვდება ძალიან ხშირად და ეს, ცხადია, არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ბულინგი მწვავედ დგას ყველა ქვეყანაში, შედეგები კი, ხშირად, უმძიმესია.
ძალადობა განსაკუთრებით ხშირია სკოლაში, სადაც ყალიბდება გარკვეული როლური ურთიერთობები, არიან უფრო ლიდერული უნარებით გამორჩეული ბავშვები და მათი შედარებით სუსტი თანატოლები.
ბულინგის პრობლემის მოსაგვარებლად საშუალო სკოლებში საპილოტე პროგრამებიც დაინერგა. „ფორტუნასთან“ 123-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ ლოსაბერიძემ განაცხადა, რომ ბავშვების ძალადობისგან დაცვის ჯგუფი სკოლაში საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.
ლოსაბერიძის თქმით, დირექცია, მასწავლებლები, ფსიქოლოგი, ექიმი, მანდატური და მშობლები აქტიურად არიან ჩართული მსგავსი პრობლემების აღმოფხვრაში. პირველ რიგში, ძალადობის შემთხვევას კლასის დამრიგებელი აფიქსირებს და ინფორმაციას აწვდის დირექციასაც და მშობელსაც. დირექტორის თქმით, სკოლაში ბულინგის მძიმე შემთხვევა არ გამოვლენილა, რადგან რეაგირება მყისიერად ხდება.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებმა შესაბამისი მომზადებაც გაიარეს.
ვინ ხდება უმეტესად ჩაგვრისა და ძალადობის მსხვერპლი
ფსიქოლოგის სალომე კაკაბაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ბულინგის მსხვერპლი ხდებიან ბავშვები, რომლებიც უფრო სუსტები არიან, ვიდრე მათი მჩაგვრელები. სისუსტეში იგულისხმება მორცხვობა, ჩაკეტილობა.
ფსიქოლოგის თქმით, ყველა კონკრეტული შემთხვევის საქმის კურსში უნდა იყოს დამრიგებელი, პასუხისმგებლობა კი ეკისრება ყველას, ვინც სკოლაში იმყოფება.
როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია
სხვა სკოლაში გადაყვანა, სალომე კაკაბაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში, გამოსავალი არ არის, რადგან იგივე პრობლემები ბავშვს, შესაძლოა, სხვა საშუალო სკოლაშიც შეექმნას.
თუ მშობელს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება, უნდა მიმართოს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს, მათ სპეციალისტი დაეხმარება.
თინათინ კაკიაშვილი