„თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს და შსს-ს ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის მყისიერად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
“2022 წლის 29 მაისს, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში 30-მდე მამაკაცი აგურებითა და ქვებით ჯგუფურად დაესხა თავს.
თავდამსხმელებმა იძალადეს ტრანსგენდერ ქალებზე, ასევე სახლის მესაკუთრეზე და დააზიანეს მათი საცხოვრებელი სახლი. თავდასხმის დროს, ტრანსგენდერი ქალების მისამართით ისმოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. არსებობს ეჭვი, რომ ჯგუფური თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული.
ეს არ არის ტრანსფობიური მოტივით და გენდერული ნიშნით თავდასხმის ერთეული შემთხვევა. Ძალადობასთან გამკლავება ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
ეს ყველაფერი მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია. სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია Ჰომოფობიისა და ტრანსფობიის აღმოფხვრისაკენ მიმართული პოლიტიკა, რის გამოც ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეუძლებელი ხდება.
მსგავსი კრიზისული სიტუაციების დროს, კიდევ უფრო აშკარაა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შექმნას თავშესაფარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩენილი ლგბტქ+ ადამიანებისთვის, სივრცე, რომელიც აუცილებელია ფიზიკური ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მყისიერად და ეფექტურად გამოიძიოს ტრანსფობიის ეს სასტიკი გამოვლინება და უზრუნველყოს თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალების უსაფრთხოების დაცვა.