„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ნიკა გვარამია შეიწყალოს:
„2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლურალისტური მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ.
ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში“, – წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
შეგახსენებთ, დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა აქამდე განსაზღვრული ვადით – 3 წლით და 6 თვით მოუწევს.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
ფოტიგა: მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია
გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“
ზარქუა გვარამიაზე: რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა