„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ლელო“- ს ინიციატივას – კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ იწონებს და მოუწოდებს მათ – სასწრაფოდ შექმნან ჩრდილოვანი კაბინეტი.
როგორც სამხარაძემ თქვა, კარგი იქნება საზოგადოების დროული ინფორმირება, თუ ვინ იქნებიან კოალიციურ კაბინეტში და როგორია „ქართული ოცნების“ მთავრობის ალტერნატივა.
„მათ წინადადებას ვეთანხმები და მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაიწყონ კონსულტაციები. ჩვენზე კარგ ალტერნატივას თუ ვინმე შემოგვთავაზებს, მოხარული ვიქნებით,“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე.
ხაზარაძის თქმით, საჭიროა შეთანხმება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარმოდგენილები მომავალ მთავრობაში.