2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მოსმენა გრძელდება.
დღეს ნიკო კვარაცხელიას დედამ მოუწოდა კვარაცხელიას მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი კაველაძის დედას, რომ შვილს მისცეს უფლება აღიაროს, თუ ვინ დაუკვეთა მკვლელობა:
„მინდა ერთ-ერთი მკვლელის დედას, განსაკუთრებით, გიორგი კაველაძის დედას, ქალბატონ ნათია ჯაფარაშვილს მოვუწოდო, რადგან მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, მისცეს შვილს უფლება – აღიაროს და მოყვეს ყველაფერი, რა მოხდა და უმოტივოდ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი რამ გაცხადდება. ძალიან შორს მიდის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა.
მე არაერთხელ მითქვამს და ვამბობ – ნიკო კვარაცხელია მოკლეს ქვეყნის მტრებმა, უნდა განათდეს და ვიცოდეთ, ვინ არიან დამკვეთები, ვინ არის ის სამსახური, ვინც ასე პერიოდულად გვიკლავს წარმატებულ შვილებს“, – ამბობს იზა ომაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს კაველაძის დედა, ნიკო კვარაცხელიას დედამ აღნიშნა:
„კაველაძის დედა ფლობს იმ ინფორმაციას, რომ უმოტივოდ არ შეიძლებოდა ნიკო კვარაცხელია მოეკლათ. კაველაძის დედამ გააზრებულად იცის, ვინ დაუკვეთა თავის შვილს ეს მკვლელობა“, – ამბობს იზა ომაძე.
შეკითხვაზე, ვინ დაუკვეთა მკვლელობა, ომაძე ამბობს, რომ არ იცის.
შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 2021 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.
ამავე თემაზე: