უნგრეთის დედაქალაქში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრები D ჯგუფის პირველ შეხვედრაში საფრანგეთს ეთამაშა და 9:7 დაამარცხა.
ეს ალბათ გადამწყვეტი თამაში იყო, რადგან პლეი-ოფში გამსვლელის ვინაობა ირკვეოდა. ჩვენი ჯგუფის სხვა ორი წარმომადგენელი – იტალია და საბერძნეთი – ჯგუფიდან გავლენ, აი მესამეადგილოსანი და შესაბამისად პლეი-ოფის საგზურის ბედი კი დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში უნდა გადაწყვეტილიყო. ამ თამაშის მნიშვნელობას არც ჩვენები მალავდნენ და ყველანი განსაკუთრებულად ელოდნენ ფრანგებთან დაპირისპირებას.
საქართველომ კარგად დაიწყო – ბარალდისა და ბითაძის გოლებით 2:0 დაწინაურდა. ფრანგებმა პირველი მეოთხედის ბოლოს სამჯერ გაიტანეს და 3:2 გავიდნენ წინ.
მეორე პერიოდი ქართველთა მინიმალური უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 5:5.
მეოთხე რაუნდის მეხუთე წუთამდე ანგარიში აიწონა-დაიწონას პრინციპით მერყეობდა. გადამწყვეტი რევაზ იმნაიშვილი გოლი და ბორის ვაპენსკის ხუთმეტრიანი გამოდგა, ამ ორი უმნიშვნელოვანესი გოლით 9:7 მოვიგეთ.
ამ გამარჯვებით ჯგუფიდან ტოპ-12-ში გასვლა გავინაღდეთ, რადგან სავრაუდოდ საფრანგეთი ჯგუფში იტალიასთან და საბერძნეთთან წააგებს.
ჯგუფის გამარჯვებული 1/4 ფინალში გადის, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები პლეი-ოფში.
მომდევნო მატჩში საქართველოს ნაკრები 16 იანვარი საბერძნეთს შეხვდება.
„ეს ჩვენთვის პრინციპული გამარჯვებაა“, – აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ.
კიდევ უფრო შორს მიდის ანდრია ბითაძე:
„შემდეგი მიზანი რვა გუნდში მოხვედრაა, რაც ავტომატურად ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას“.
„მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა“ – ასეთია მიხეილ ბაღათურიას კომენტარი ისტორიული გამარჯვების შემდეგ.