“ეს არის რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგი. სწორედ ის ფაქტი, რომ გადასასვლელი პუნქტები დაკეტილია, იწვევს ასეთ კატასტროფას.” – საქართველოს საგარეო საქემთა მინისტრი ეხმიანება დღეს მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას სამი ადამიანი დაიხრჩო.
დავით ზალკალიანმა ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, ყველა ეს შემთხვევა, დეტალურად იქნება განხილული ყველა საერთაშორისო ფორმატში:
“უახლოეს პერიოდში ყველა ეს შემთხვევა დეტალურად იქნება განხილული ყველა საერთაშორისო ფორმატში. ამ საკითხის აქტუალიზაციას ვგეგმავთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე, ასევე, მომავალ კვირას ეუთო-ში დაგეგმილ განხილვებზე. მაქსიმალურად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას იმისათვის, რომ აუცილებლად გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები და ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ოკუპირებული ტერიტორიის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს.
ამიტომ, მე ვთხოვე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით გააძლიეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ყევლა აქტორთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. სწორედ ის არის პასუხისმგებელი დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე. გაძლიერდეს ზეწოლა იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა გადასვლელი პუნქტი და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება.” – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდის სოფელ შამგონაში მდინარემ სამი ადამიანის ადამიანის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გალიდან მდინარის გადმოცურვას ცდილობდნენ.