პატიმრობაში მყოფი პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილს უგზავნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
,,თქვენო უგანათლებულოსობავ და
ყოვლად უჭკვიანესობავ!
ალბათ გასაგებია მიზეზები, რატომაც მოგმართავთ უშუალოდ თქვენ. ერთი ისაა, რომ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ხართ, მეორე ის, რომ ყველა ბოროტება თქვენგან მოდის და მესამე, უშუალოდ თქვენი გადაწყვეტილებით გამომკეტეს ციხეში.
მეტი სიცხადისთვის, ცოტა შორიდან მომიწევს დაწყება.
2004 წელს, სააკაშვილი თქვენთან პირველი შეხვედრიდან აღფრთოვანებული და გაბრუებული რომ დაბრუნდა, მაშინვე მივხვდი რასაც წარმოადგენდით. მიშას ადამიანების სწორად ამოცნობის უნარი არასოდეს გააჩნდა და ვატყობდი რა ხაფანგიც დაუგეთ.
მალევე მივხვდი თქვენი სახით რა ფენომენთანაც გვქონდა საქმე – ფარისევლობასთან, მლიქვნელობასთან, ცბიერებასთან, სიმხდალესთან, ორპირობასთან, შურთან, ხელისუფლების ხელში ჩაგდების ჟინთან, ქვეყნის და ხალხის სიყვარულის არქონასთან, ჯამბაზობასთან და ბევრ კიდევ სხვა რამესთან, მაგრამ იმდენად იყო სააკაშვილი თქვენით „აღფრთოვანებული“ და პატარკაციშვილისგან შეშინებული, რომ დაიჯერა თქვენი „გულწრფელი“ მოკავშირეობა და კეთილსინდისიერება. შესაბამისად, არავის მოსმენა არ სურდა, ვინც თქვენზე რაიმე კრიტიკულს იტყოდა. შედეგიც შესაფერისი იწვნია.
მაშინვე მივხვდი რასაც ეფუძნებოდა თქვენი ცხოვრების ფილოსოფია, როდესაც გვითხარით, ბადრის ფული და ქონება წაართვით, ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად მაგას აღიქვამენო. ამას იმიტომ ამბობდით, რომ თქვენი ცხოვრების ფილოსოფია მხოლოდ ფულია.
ძალაუფლება მხოლოდ ფულის შესანარჩუნებლად გჭირდებოდათ, მაგრამ მთავარს ვერ ხვდებით – ფულით სახელს, პატივისცემას და ხალხის სიყვარულს ვერასოდეს იყიდით. გადახედეთ საქართველოს ისტორიას ან თქვენს ეკას სთხოვეთ წაგიკითხოთ და მიხვდებით, რომ ეს ასეა.
ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რამდენადაც განუსაზღვრელი არ უნდა იყოს, იგი ავტომატურად არ იძლევა მისი გამოყენების ცოდნას.
ძალაუფლება ხელში ჩაიგდეთ, მაგრამ მისი სწორად გამოყენების უნარი არ გაგაჩნიათ. ამის დასტური კი თქვენი მმართველობის 7 წლის თავზე თქვენი მაგინებელი ადამიანების რაოდენობაა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე ცოტაა.
მმართველობის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მმართველმა საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს, რისი უნარიც ასევე არ გაგაჩნიათ, რადგან საზოგადოებად შუშის სასახლეში თქვენს სასთუმალთან მჯდომ რამდენიმე მლიქვნელს მიიჩნევთ.
ასევე ვერ ითვალისწინებთ ერთ უმთავრეს რამეს, თქვენი ძალაუფლება დგას მხოლოდ მეხუთე კოლონიის მხარდაჭერაზე, კოლაბორაციონისტებზე, კონფორმისტებზე, პუტჩისტებზე, საბჭოთა ინტელიგენციაზე, ქურდებზე, კრიმინალური მენტალიტეტის წვრილფეხობაზე, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის არმქონე 15 ლარად გაყიდულ ხალხზე და ა.შ. ჰოდა ამ ხალხის თქვენდამი ერთგულება მხოლოდ თქვენს ფულს ეფუძნება. ასეთი ტიპის ხალხს კი არსად არაასდროს არ გაუმარჯვია.
ალბათ ქვეყნისთვის სჯობია, შენი ხელისუფლებისადმი ლტოლვა, კომუნისტების 70-წლიანი მმართველობის დროს გამოგევლინა, რათა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის საფრთხე არ შეგექმნა, მაგრამ მაშინ ვერაფერს მიაღწევდი, რადგან მაშინ ფულით ძალაუფლებას ვერ ჩაიგდებდი, თანაც არ გქონდა იმ დროს ფული. კომუნისტურ იერარქიაში კარიერული წინსვლისთვის კი შენი „ნიჭი“ და ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა.
2012 წელს სააკაშვილთან ბრძოლით დასუსტებულმა ერთადერთი ინტერესით „გამჯობინეთ“, რომ ჩემი ქვეყანაში დაბრუნება, რომელიც დაახლოებით ისეთი სურვილის ტოლფასი იყო, რომ ბევრი შვილი მყოლოდა, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაზე გადიოდა, თორემ ვიცოდი საითაც წაიყვანდი ყველაფერს, რადგან თქვენი ფენომენის მსგავსი ადამიანები სხვაგვარად ვერ იქცევიან.
ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება
ნახევარმილიონიანი გირაოს შეთავაზებისა და ცნობილი ტელეწამყვანების თავდების მიუხედავად, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა
20 ივნისის ღამემ, ბევრ სხვა მნიშვნელოვან რამესთან ერთად, გამოაჩინა, რომ სრულიად ახალი, თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტული თაობა წამოვიდა ამასობაში, რომლისთვისაც თქვენი ფული და ფასეულობები არა თუ არაფერს წარმოადგენს, არამედ სრულიად მიუღებელია.
7 წელია ქვეყანას მართავთ და სახელი და პატივისცემა ვერ მოიპოვეთ. 2 წლის განმავლობაში უამრავი ხელისშემშლელი გარემოებების პირობებში, მე ქართული სახელმწიფოს ერთერთი საყრდენი, ჯარი შევქმენი. სხვაზე არაფერს გეტყვით, ხოლო თქვენ 8 წლის თავზე ისე წახვალთ ხელისუფლებიდან, რომ თქვენი შექმნილი არაფერი ემახსოვრებათ მომავალ თაობებს, გარდა იმისა, რომ შუშის სასახლის, თუ ჭორვილის კოლბაში ზვიგენებთან და ზებრებთან სიამოვნებას იღებდით. ქვეყნის სამასხარაოდ ხეების აქეთ-იქეთ თრევით იყავით დაკავებული იმის იმედით, რომ ამ ხეების ენერგეტიკით და თქვენი უკულტიზმისადმი მიდრეკილებით 150 წელს იცოცხლებდით. ამით კი, დროისა და სივრცის კანონს ეწინააღმდეგებით, ხოლო ვინც ამ კანონების წინააღმდეგ წავიდა, ყველამ ცუდად დაამთავრა.
ქვეყანა კორუფციის ჭაობში დააბრუნეთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მოსპეთ, საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევას ცდილობთ და ქართულის ნაცვლად პუტინის ოცნებას ასრულებთ.
იმის ნაცვლად, რომ ახალი პატრიოტული თაობისათვის ქართული სახელმწიფოს შენების იდეის გამო მხარდაჭერა გეგრძნობინებინათ, ამ იდეის სიმძაფრე გაგეზარდათ, 20 ივნისს რუსეთის საამებლად სამაგალითოდ დაარბიეთ და დასაჯეთ ახალგაზრდები. 18 ახალგაზრდა, რომლებიც მაგალითის მიმცემები იყვნენ სხვებისათვის, ციხეში გამოკეტეთ ერთადერთი მიზნით, რომ ასეთი პატრიოტული მუხტის გაღვიძება არ დაგეშვათ, მაგრამ პირიქით მოხდება, რადგან მათი ციხეში ყოფნა და მათი ქცევა 20 ივნისის ღამეს, მაგალითის მიმცემი გახდება სხვებისათვის.
20 ივნისს ბარიკადების აქეთ ხალხი და ქვეყანა იდგა, მეორე მხარეს კი თქვენ, მეხუთე კოლონასთან და რუსეთთან ერთად. ეს იქნება ისტორიის ბეჭედი იმ ღამისათვის და თქვენი მოღვაწეობისათვის.
თქვენს გონიერებაზე დიდი წარმოდგენის არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ არც ისეთ პრიმიტივად გთვლიდით, რომ თქვენი უტვინო მხარდამჭერების ნარატივს აყოლოდით და იმ გათვლით დაგეჭირეთ, ციხეში დიდხანს ვერ გაძლებს და ამით დავამთავრებთ მასო.
რა არის მიზეზი, რის გამოც დამიჭირეთ?
20 ივნისის ღამე?
რუსთავი 2-ს რომ მედავებით?
ორივე პატარა დოზით, მაგრამ სრულად არცერთი.
მიზეზი ერთია – ჩემი ხასიათიდან, ტიპაჟიდან და მოქმედებების სტილიდან გამომდინარე, ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე შეგიქმენით. ბოლო 2 თვეში სწორადაც დაგინახავთ, რომ ასეთი საფრთხის მატარებელი ვარ და მართლა შევძლებდი თქვენი ჭიქიდან ჩაის დალევას, რომელმაც ყველაზე მეტად გაგაღიზიანათ.
ვალდებული ვარ, ვიყო ასეთი საფრთხის მატარებელი, რადგან თქვენ ჩემს ქვეყანას, ჩემი შვილების მომავალს და მთლიანად ერს უქმნით საფრთხეს იმით, რომ ყველაფერს ანადგურებთ, რაზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობა დგას. ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტს ანგრევთ, რომლის შენებისთვისაც ღამეები მითენებია.
ტყუილად ნუ ფიქრობთ, რომ ჩემი დაჭერით ეს საფრთხე გაანეიტრალეთ. ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ თქვენი ჯიბის რამდენიმე პარტიის მეშვეობით კოალიციას შექმნით და ამით შეინარჩუნებთ ძალაუფლებას. თქვენი ყველაზე დიდი საფრთხე პირველ რიგში თქვენ ხართ.
ჩემი ციხეში გამოკეტვა უშუალოდ თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილება გახლავთ და ამით ორი კურდღელი დაიჭირეთ – რუსებს ასიამოვნეთ და ხალხი დააშინეთ, მაგრამ ამით თამაშის ის წესი დაარღვიეთ, რომელიც შემდეგს ეფუძნება.
„კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ“ – ამ წესების თანმდევი შედეგი აქვე ჩვენს სამეზობლოში შეგიძლიათ ნახოთ, შორს რომ არ მოგიწიოთ ძებნა. სომხეთში სარქისიანმა და კოჩარიანმა პაშინიანი თავის დროზე ციხეში გამოკეტეს. დღეს პაშინიანი პრემიერმინისტრია, კოჩარიანი ციხეშია, სარქისიანი კი გაქცეულია.
თურქეთში სამხედრო ელიტამ ერდოღანი ერთდროს ციხეში გამოკეტა. დღეს ერდოღანი პრეზიდენტია, სამხედრო ელიტა კი ციხეში ზის. დაელოდეთ ამ თამაშის წესების შედეგებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია.
თქვენი დასასრული ახლოსაა, 20 ივნისის ღამემ ნათლად გამოაჩინა შუშის სასახლეზე წარწერა Mene, Tekel, Fares.
თქვენი პოლიტიკური დასასრული მოახლოვდა, მაგრამ ეს არაა მთავარი მიზანი. მთავარია შუშის სასახლის პანდემონიუმი ნაცვლიშვილების, ფარცხალაძეების, ჩხარტიშვილების და იმ მეხუთე კოლონის სახით, რომელსაც ეფუძნება სრულად განადგურდეს თქვენი ძალაუფლება, რადგან ეს პანდემონიუმია ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი საფრთხე და მათ ვეღარ უნდა შეძლონ „ახალი ივანიშვილის“ შობა.
ერთი სათხოვარი მაქვს და მომავალში იმედია შემისრულებთ.
თქვენს შვილებს სთხოვეთ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრონ – მოვა დრო და 20 ივნისის თაობა თქვენს საფლავს დააფურთხებს.
Incedo Per Ignes
Caveo Non timeo.
პ.ს. ვერავინ ისე კარგად ვერ ჩამომრეცხდა 2007 წლის ტალახს, როგორც ეს თქვენ ჩემი დაჭერით გააკეთეთ.
პ.პ.ს. იმედია თქვენი ეკა გაგარკვევთ ლათინურ აბრევიატურაში- წერს ოქრუაშვილი