მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს სტატისტიკას საშინლად თვლიან, იგი სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ ”მანჩესტერ იუნაიტედის” ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.
* 26 ქულა 17 მატჩში ”მანჩესტერისთვის” 1990/91 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ის სეზონი ”იუნაიტედმა“ მე-6 ადგილზე დაასრულა.
* „წითელი ეშმაკები“ ახლაც მე-6 ადგილზე არიან პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან მათი ჩამორჩენა 11 ქულაა. ლიდერ ”ლივერპულს” ”მანიუ” 19 ქულით ჩამორჩება.
* 17 ტურში გუნდმა 29 გოლი გაუშვა (მთელ გასულ სეზონში ”მანჩესტერის” კარში მხოლოდ 28 გოლი გავიდა). უფრო მეტი გოლი მხოლოდ 4 კლუბს აქვს გაშვებული: ”ფულჰემს”, ”კარდიფს”, ”ბარნლის” და ”საუთჰემპტონს”. ყველა მათგანი გასავარდნ ზონაში ან მასთან ძალიან ახლოს იმყოფება.
* მიმდინარე სეზონში ”მანჩესტერმა” პრემიერლიგაში მხოლოდ 2 ”მშრალი” მატჩი ჩაატარა.
* ჟოზე მოურინიოსათვის ”იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩი ”ენფილდზე”, ”ლივერპულთან” გამართული დაპირისპირება გამოდგა. მასპინძლებმა მანჩესტერელები 3:1 დაამარცხეს და თან მათი კარისკენ 36 დარტყმა განახორციელეს.
* ჟოზე მოურინიომ ”მანიუ” 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გუნდს პრემიერლიგის 93 შეხვედრაში გაუძღვა.
* მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 176 ქულა მოიპოვა პრემიერლიგაში. ეს უფრო ცოტაა, ვიდრე ტოპ 6-ის დანარჩენი გუნდების მოპოვებული ქულეობის ოდენობა (”არსენალის” გამოკლებით).
2016/17 წლების სეზონის დასაწყისიდან დღემდე ლივერპულს 196 ქულა აქვს მოპოვებული, ”ჩელსის” – 200, ”ტოტენჰემს” – 202, ”მანჩესტერ სიტის” კი – 222.
* მოურინიოს ხელმძღვანელობით ”იუნაიტედმა” ტოპ-6 გუნდთან შედარებით ყველაზე ნაკლები გამარჯვება მოიპოვა. 50 მოგება 93 მატჩში. შედარებისათვის,”ჩელსის” და ”ტოტენჰემს” 93 მატჩიდან 62-62 მოგება აქვთ, ”სიტის” – 69.
* მოურინიო და გვარდიოლა მანჩესტერულ კლუბებს სათავეში ერთდროულად ჩაუდგნენ. იმ მომენტიდან დღემდე ”სიტიმ” თანაქალაქელზე 83-ით მეტი გოლი გაიტანა (234 151-ის წინააღდმეგ).
* პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ”მანჩესტერი” პრემიერლიგის შეხვედრაში საშუალოდ 1.62 გოლს იტანდა, დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის დროს ეს მაჩვენებელი 1.65 იყო.
* ყველაზე ხშირად მოურინიოს მწვრთნელობისას თამაშობდნენ მარკუს რეშფორდი (125 მატჩი), დევიდ დე ხეა (113) და პოლ პოგბა (108).
* საუკეთესო ბომბარდირები ამავე პერიოდში არიან რომელუ ლუკაკუ (33 გოლი), ზლატანი (29 გოლი) და მარკუს რეშფორდი (28 გოლი).
* მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებისა, მოურინიო სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ ”მანიუს” ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მან გუნდს ორი დიდი ტურნირი მოაგებინა (”ლიგის თასი” და ”ევროპა ლიგა”) მაშინ, როცა ლუის ვან გაალმა მხოლოდ ინგლისის თასი მოიგო, დევიდ მოიესმა კი საერთოდ ვერ შეძლო ტიტულის მოგება.
* ”მანჩესტერმადე” მოურინიო თავის კლუბებს ყოველთვის აგებინებდა ტიტულებს მეორე სეზონში. 2017/18 წლებში მას ეს არ გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ”იუნაიტედი” ძალიან ახლოს იყო ინგლისის თასთან. ფინალში ”წითელი ეშმაკები” ”ჩელსისთან” დამარცხდნენ.
* ახალ მოთამაშეებზე მოუმ 400 მლნ გირვანქა დახარჯა (გვარდიოლამ 541 მლნ.). პორტუგალიელის გუნდში მისვლის შემდეგ განხორციელებული ტრანსფერებიდან ოთხი – ნემანია მატიჩის, ფრედის, რომელუ ლუკაკუს და პოლ პოგბას ტრანსფერები მაშინვე მოხვდა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ხუთეულში.