LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოთხოვნები – სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა გოგონა” – დისკრიმინაციული ვაკანსიები საქართველოში

370

საქართველოში დასაქმების მსურველები ამბობენ, რომ სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოცხადებული ვაკანსია, ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციულია. თუ შეხვალთ საიტებზე, სადაც ვაკანსიებია განთავსებული, ხშირ შემთხვევაში წააწყდებით განცხადებებს, სადაც აუცილებელ მოთხოვნილებებში კონკრეტული სქესია მითითებული. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა ასაკობრივ ჯგუფსა და გარეგნობას. რეზიუმეს გაგზავნისას კი, უმეტესად, აუცილებელია, თან ახლდეს ფოტოსურათიც.

 

რატომ ფიქრობენ კომპანიები, რომ მაგალითად, საოფისე საქმიანობას მხოლოდ ქალი გაართმევს თავს, მამაკაცისთვის კი დირექტორის ასისტენტობა, ან ოფისის მენეჯერობა რთული საქმეა და შესაბამისი კვალიფიკაცია არ შეიძლება ჰქონდეთ?

„ფორტუნა“ დაუკავშირდა კომპანიებს, რომლებსაც ვაკანსიაში მითითებული ჰქონდათ, რომ მათთან მუშაობის მსურველი აუცილებლად მდედრობითი სქესის უნდა ყოფილიყო. დამსაქმებლების პასუხი ერთია,  „კერძო კომპანიას ვისაც სურს, იმას დაასაქმებს.“
ერთ-ერთ სასტუმროში კი განგვიცხადეს, რომ იმავე სამუშაოს მამრობითი სქესის წარმომადგენელიც თავისუფლად გაართმევს თავს, თუმცა,  მათი მოთხოვნა მაინც უცვლელია – სამსახურში სჭირდებათ მდედრობითი სქესის თანამშრომელი.

„ერთი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც მდედრობითი სქესის მოთხოვნა გვაქვს, არ არსებობს. ჩვენ სხვანაირი სერვისი გვაქვს, ცუდად არ გაგვიგოთ, მაგრამ ხანდახან არის სხვანაირი მომსახურება, იქ ჩაია, თუ რაც არის, ბიჭები უცბად ვერ გააკეთებენ და გოგოები მაგ საქმეს მარტივად და სწრაფად ვაკეთებთ. კერძო დაწესებულებაა და ჩვენი გადასაწყვეტია, ვის დავასაქმებთ“, – აცხადებენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.

კითხვაზე, რა აუცილებლობაა, რომ რეზიუმეს გაგზავნისას უნდა ახლდეს თან ფოტოსურათი, სასტუმროში აცხადებენ, რომ „ეს არის სტანდარტული მოთხოვნა და ყველა კომპანიას, ვინც ვაკანსიას აცხადებს, იგივე მოთხოვნა აქვს“.

job-market
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, რომ შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა წინასახელშეკრულებო დისკრიმინაცია, როდესაც დამსაქმებლები ვაკანსიის გამოქვეყნებისას მიუთითებენ დისკრიმინაციულ კრიტერიუმებს.

„ყველაზე აქტუალური არის სქესის და ასაკის მითითება, რომ დამსაქმებელი ეძებს სასიამონო გარეგნობის გოგონას და ა.შ. – ეს, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციაა და არათანაბარ პირობებში აყენებს დასაქმების მსურველ ადამიანებს. ამ თემასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს არაერთი რეკომენდაცია გამოუცია, მათ შორის, ჩვენ მივმართეთ რეკომენდაციით დასაქმების პორტალს, სადაც იდება ამგვარი ვაკანსიები, რომ შეიმუშავონ სპეციალური წესები და  არ მიეცეთ შესაძლებლობა დამსაქმებლებს რომ გამოაქვეყნონ ამგვარი ვაკანსიები ასეთი ტექსტით,“ – აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

კითხვაზე, ვალდებულები არიან თუ არა კერძო კომპანიები გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები, ეკა სხილაძე განმარტავს, რომ როდესაც პარლამენტმა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი მიიღო, იქ გარკვევით არის აღნიშნული, რომ ამ კანონის რეგულაციები კერძო ორგანიზაციებსაც ეხებათ.

 „კანონი თანაბრად ეხება როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს, შესაბამისად დისკრიმინაციული გარემოებების შემცველი ვაკანსიების გამოქვეყნება, იქნება ეს კერძო სექტორის თუ საჯარო სექტორის მხრიდან, თანაბრად ექცევა კანონის რეგულაციის ფარგლებში. აქ ჩვენ ვაწყდებით სხვა პრობლემას, სახალხო დამცველი არის ამ კანონის აღსრულებადი უწყება და როდესაც ჩვენ გვხვდება ასეთი ვაკანსიები, მივმართავთ მათ, მაგრამ კანონის მიხედვით, მათ არ აქვთ ვალდებულება რომ უპასუხონ ჩვენს რეკომენდაციებს. ეს არის კანონში არსებული ხარვეზი. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მათ ავალდებულებს არ შეუწყონ ხელი დისკრიმინაციის დამკვიდრებას, მეორე მხრივ, ჩვენ არ გვაქვს ქმედითი მექანიზმი, რომ მათ მოვთხოვოთ შესაბამისი რეაგირება. სწორედ ამიტომ ჩვენ მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი, რომელიც წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს საკითხი დარეგულირდება.“

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები