LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოთხოვნები გაგრძელდება… ლევან ზურაბაშვილს პატიმრობა შეეფარდა

737
ლევან 22

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დაცვის მხარე მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება. შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობდა.
ამასთან, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ადვოკატის განცხადებით კი, ზურაბაშვილს არავისთვის შეუქმნია საფრთხე. მას უნდოდა პროტესტი საჯაროდ გამოეხატა და მისი პოზიციის მოსასმენად ჟურნალისტები მისულიყვნენ. უფლებადამცველის თქმითვე, ზურაბაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

“მხოლოდ 2-წუთიანი ინფორმაციის გავრცელება სურდა. ასეთი ადამიანი მოათავსეს საპატიმროში და ელოდება 9-დან 14 წლამდე პატიმრობა”, – თქვა დაკავებულის ადვოკატმა.

 

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა ლევან ზურაბაშვილიც და აღნიშნა, რომ  მოთხოვნები გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ფორმით.

თქვენ ყველაფერზე იძახით შესაძლოას, რეალურად კი ამ პრობლემების გამო, ნახევარი საქართველო დაღუპულია, ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, იღუპება საქართველო. რამდენმა მოიკლა თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა, ხალხს სახე ჩამოსტირის. ახლა მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი. შეიძლება ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მომავალი თაობა იღუპება, ეს თქვენ გულამდე არ მიდის? გავისტუმრე ჩემი ვალები, აღარ ვთამაშობ, მაგრამ ამ თამაშმა ცხოვრება, წლები მომპარა. ჩემთვის მთავარია, რომ კანონები შეიცვალოს და ერი გადარჩეს. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს.

ოჯახი არ არსებობს, რომ წამალი არ სჭირდებოდეს, საქართველო კი არ ვითარდება, უკან მიდის. ჩვენ ცოდოები არ ვართ? ვიღაცას მეტი შემოსავალი აქვს, ვიღაცას ნაკლები, ხალხიც არ მივიდა არჩევნებზე”, – განაცხადა ზურაბაშვილმა.

 

მან სასამართლო პროცესის დაწყებამდე დედასაც მიმართა:
“რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე?

 

შეგახსენებთ, 20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.

დაკავებული სამ მოთხოვნა აყენებდა:

აიკრძალოს ყოველგვარი აზარტული თამაშები;

ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;

შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები