LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ – რას ითვალისწინებს ახალი საგანმანათლებლო პროექტი „სამხედრო საქმე“ 

82
ქართული ჯარი

საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმე“ იწყება, მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ – განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეები აღნიშნულ ცვლილებასაც ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება.

რა სიახლეებით ხვდებიან ახალ სასწავლო წელს სკოლები – განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი.

გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.“– ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.