რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით მოსკოვში, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ორ შენობაზე თავდასხმა განხორციელდა.
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, შენობები, რომლებზედაც თავდასხმა მოხდა, საცხოვრებელი შენობები არ იყო. მერმა ასევე განმარტა, რომ სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სერგეი სობიანინის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დრონის ნამსხვრევები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახლომდებარე შენობასთან აღმოაჩინეს.
მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ ორი დრონის გამოყენებით მოსკოვში მდებარე ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა სცადა, ორივე დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს.
„24 ივლისს დილით, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშვეს და ჩამოაგდეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით“, – აცხადებენ სამინისტროში.