თბილისში კიდევ ერთი ველობილიკის მოწყობა მოსკოვის გამზირზე იგეგმება.
როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, ამ მარშრუტის დაგეგვაზე ის უკვე მუშაობს.
მისი თქმით, მოსკოვის გამზირი ველობილიკის მოწყობისთვის იდეალურია და მოსახლეობას მეტროსთან მისვლას გაუადვილებს.
“მოსკოვის პროსპექტი იდეალურია ველოგზისთვის. გზაზე არსებულ გამყოფზე, შესაძლებელია, 3 მეტრის სიგანის ზოლის მოწყობა, რომელიც დაკავშირდება მეტრო სამგორს. ორგვლივ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც მეტრომდე დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, შეძლებენ ველობილიკით მოძრაობას”, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
მისივე თქმით, იგივეს გაკეთება შეიძლება გლდანში, ვარკეთილში და თბილისის სხვა უბნებშიც.
“უცხოეთში არის მაგალითები, რომ ჰაბები მეტროსთან არის გაკეთებული. იგივე შეიძლება ჩვენ გავიმეოროთ. ამ მარშრუტთან ერთად, პარალელურად, ვიმუშავებთ პროექტებზე, რომელიც გაითვალისწინებს, სხვადასხვა უბნებიდან მეტრომდე მისასვლელი გზის მოწყობას ველოსიპედებისთვის”, – აღნიშნა მამუკა მუმლაძემ “ფორტუნასთან”.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია მერიას თბილისის გენ. გეგმაზე მომუშავე ჯგუფმაც მისცა:
ველობილიკები მეტროსადგურებამდე მივა: როგორ დაიგეგმება მარშრუტები
თამთა უთურგაშვილი