საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და ცოციალური დაცვის სამინისტროს ფოიეში გრძელდება აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების აქცია. მათი მოთხოვნა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფაა და როგორც თავად განმარტავენ, 27 წელია გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, ამიტომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ სახელმწიფო მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. აქციის მონაწილეთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. ბოლო ორი დღეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. რამდენიმე მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. პროტესტის აღნიშნულ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ამ უკანასკნელმა დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრაზე ჯერ ვერ მოიცალა.
რამდენიმე დღის წინ მოშიმშილეებს შესახვედრად სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბინების განაწილებაზე გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იღებს. აქციის მონაწილეებისთვის წოწკოლაურის პასუხი არ აღმოჩნდა არც დამაჯერებელი და არც სანდო. მოშიმშილეებსა და სამინისტროს წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.
დევნილები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
“მოვითხოვეთ ქალბატონ მინისტრთან შეხვედრა, მაგრამ ქალბატონმა მინისტრმა უარი განგვიცხადა ჩვენთან შეხვედრაზე. ალბათ სათქმელი არაფერი არ აქვს და ამიტომ არ გვხვდება ჩვენ. მოვითხოვთ იმას, რომ თუ შეუძლია, თუ იცის თავისი მოვალეობები რაშიც ჩვენ ყველას უკვე ეჭვი გვეპარება, შეასრულოს თავისი მოვალეობა. ჩვენ არ დავტოვებთ ამ შენობას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული,” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მისივე თქმით, შენობაში ძალისმიერი შეჭრა არ არის გამოსავალი და ამ გზით ადამიანები საცხოვრებლით ვერ დაკმაყოფილდებიან.
ერთადერთი გზა არის რიგითობა - სერგეენკო "დირსში" შეჭრილი დევნილების ბინებით დაკმაყოფილებაზე
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რასაც 27 წელია ველოდებით კუთვნილი ფართების მიღება. ჩვენს უკან ჩვენზე გაჭირვებული დევნილები დგანან. ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ, სანამ არ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხს. დაშლას არ ვაპირებთ და არსად წასვლას. მოგვცენ ფართები, აქ არიან ისეთი ოჯახები, რომლებიც ქირას ვერ იხდიან, რაც „დირსში“ ვიყავით შესულები, იქიდან მოყოლებული არის დაპირება“, – აქციის მონაწილე ფიქრია ცალანი.
თავშესაფრის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მიიღებენ უფრო რადიკალურ ზომებს, რაც ხელისუფლებისთვის მძიმე შედეგით დასრულდება.