LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ პენიტენციურს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა დაავალა, თუმცა პირადი ექიმისა და „ემპათიას“ შეშვება არ მოსთხოვა

273
ბადრი კოჭლამაზაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების არშეშვებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

სხდომაზე უფლებადამცველებმა მოითხოვეს, დაევალოს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს მესამე პრეზიდენტისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა და ამასთან ერთად, მიეცეს შესაძლებლობა, დაწესებულებაში მის მიერ შერჩეულმა მედიკოსებმა, მათ შორის, პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ და ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტებმა მოინახულონ.

„ვშუამდგომლობ 191 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რომ მოსამართლემ განჩინებით დაავალოს პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სრულფასოვნად განხორციელდეს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა.​ ამჟამინდელი მკურნალობა არის არაადეკვატური, არ იწვევს პოზიტიურ შედეგებს, პირიქით, გვაქვს გაუარესება და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნაც გვაქვს წარმოდგენილი. არსებობს კიდევ სხვადასხვა დასკვნები ამასთან დაკავშირებით…

პაციენტის უფლებების შესახებ კანონითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, მას უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს ექიმები, ეს არის მისი პირადი ექიმი და ასევე, ბრალდებულს არ შეიძლება უარი ეთქვას ალტერნატიულ ექსპერტიზაზე“, – თქვა პროცესზე სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ.

საპასუხოდ, მოსამართლემ განაცხადა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ავალებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვისთვის ყველა აუცილებელი და განსაკუთრებული ზომა გამოიყენოს.

რაც შეეხება მასთან ციხეში პირადი ექიმისა და „ემპათიას“ ექსპერტების დაშვებას, ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ცალკე მათი შეშვების დავალებას არ გასცემს, რადგან მისი განჩინება მოთხოვნას ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევაზე „ისედაც ითვალისწინებს“.

„ვინაიდან ბრალდებული საუბრობს სასამართლოს წინაშე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უჩივის არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას, აქედან გამომდინარე, სასამართლო გასცემს განჩინებას და ავალებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის გენერალურ დირექტორს, მიიღოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა აუცილებელი და განსაკუთრებული ზომა იმისათვის, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული, არ დაემუქროს საფრთხე არასათანადო და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებით“, – აღნიშნა მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ამის შემდეგ, მას ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რატომ ითხოვს განჩინებაში პირადი ექიმისა და ალტერნატიული კონსილიუმის წევრების დაშვებაზე ჩანაწერის გაკეთებას.

„ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, მართლა გაუმჯობესდა თუ არა. ჩვენ გვჭირდება ჩვენთვის სანდო წყარო, რომელიც გვეტყვის, რომ სრულდება ეს და მკურნალ ექიმზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის ჯგუფი „ემპათიის“, რომელიც ვალდებულია პენიტენციურმა დაწესებულებამ შეუშვას და უბრალოდ არ უშვებს.

ეს კონსილიუმი ამოწმებს რა მისცეს, რა დაალევინეს, ადეკვატურია თუ არა მკურნალობა, გასცემს „გაიდლაინებს“ და ასე შემდეგ“, – მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამ.

ადვოკატის განცხადებას მოსამართლემ ასე უპასუხა: „ამისთვის პირადი ექიმი არ გჭირდებათ თქვენ ციხის შიგნით. როგორც ადვოკატს, შეგიძლიათ კომუნიკაცია, რა სამედიცინო მომსახურება გაეწია“.

უფლებადამცველმა ამ საკითხზეც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის მიუხედავად, ინფორმაციას არ აწვდიან.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს მე ვავალებ, მიაქციოს სათანადო ყურადღება. მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააკეთებს ამას“, – უპასუხა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.​

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმა თქვეს, რომ მეტი კონკრეტიკის არარსებობის შემთხვევაში, ამ განჩინებას ძალა ვერ ექნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, მოსამართლემ გადაწყვეტილება აღარ შეცვალა.

კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რომ თუ მისი განჩინება პენიტენციურის მხრიდან შესრულებული არ იქნება და ამას ადვოკატები დაამტკიცებენ, ეს ახალი დამატებითი განჩინების საფუძველი გახდება.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 1 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა უნდა მომხდარიყო, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ და დატანჯავს თქვენს შთამომავლობას, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით – თემურ ჯანაშია ანზორ ჩუბინიძეს

მის დაკითხვას მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, რადგან ხარჯები, რომლის „გაფლანგვასაც“ პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ედავება, სდსს-ს ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩუბინიძის მუშაობის პერიოდსაც მოიცავს. უფლებადამცველებმა თქვეს, რომ ჩუბინიძის ჩვენება მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ დევნას დაადასტურებდა.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

გინდა დახურეთ, გინდა მოხურეთ სხდომა – ხმაური სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

სააკაშვილი ივანიშვილს: ძალიან ცუდი ამბავი მაქვს შენთვის ძმაო, ძალიან არასწორი „სტავკა“ გააკეთე, ასე როგორ დაგოიმდი

“ერთი წუთით, არ გაიყვანოთ, მოისმინოს, რასაც ვიტყვი” – რატომ დაატოვებინეს თაკო ჩარკვიანს სააკაშვილის სასამართლო პროცესი

გვარამია პროკურორს: “დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქვს ეს ქონება, ახლა დაჯექი”