ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში წარდგა და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, მოსალოდნელია, რომ შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1 პროცენტი შეადგინა.
“რუსეთ-უკრაინის ომმა და მიწოდების არხების კიდევ ერთხელ შეფერხებამ, ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და 2023 წლის თებერვლის საერთო ფასების წლიური ზრდა 8.1% იყო. მიმდინარე წლის განმავლობაში, მოსალოდნელია ამ ტრენდის შენარჩუნება და სხვა თანაბარ პირობებში, წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან დაახლოება”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა – საქსტატი
ლაშა ხუციშვილი საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 31.8 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საექსპორტო მიმართულება ევროკავშირი იყო, სადაც ექსპორტი 20.3%-ით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 15.4% შეადგინა. მეორე ადგილზე ჩინეთია 13.2%-იანი წილით (19.7%-იანი ზრდა), მესამეზე კი აზერბაიჯანი, სადაც ექსპორტი 26.5%-ით გაიზარდა და მთელი ექსპორტის 12.0% შეადგინა.
“გასულ წელს, იმპორტის მოცულობა 34.5 პროცენტით გაიზარდა და 13.6 მლრდ აშშ დოლარი დაფიქსირდა. თუმცა, აქ აღსანიშნავია, რომ იმპორტის ზრდაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაზრდილ ტურიზმთან დაკავშირებულმა იმპორტმა. ტურიზმის ეფექტის გარეშე, იმპორტის ზრდა 27.1 პროცენტი იყო”, – განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი არიან – რას ვყიდით და ვყიდულობთ
ფინანსთა მინისტრმა ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავლებზეც ისაუბრა.
“ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, გასულ წელს 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელთან მიმართებით ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში მიღებული შემოსავლების აღდგენამ 107.6 პროცენტი შეადგინა.
თუ ტურიზმის შემოსავლებიდან გამოვრიცხავთ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ტურისტების თანხას, 2019 წელთან შედარებით, აღდგენის მაჩვენებელი 91,0 პროცენტს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ტურიზმი წელსაც გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, მინისტრის თქმით, ფულადი გზავნილების ზრდის ტემპმა განსაკუთრებით მოიმატა 2022 წელს. შემოდინება 2021 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა და 4.4 მლრდ დოლარს მიაღწია.
„თუმცა, ამ მხრივ, 2022 წელი თვისობრივადაც განსხვავებული იყო. რუსეთში დაწესებული კაპიტალის კონტროლის ღონისძიებების გამო, 2022 წელს ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკაში, აგრეთვე, მოხვდა ტურისტებისა და მიგრანტების მიერ სწრაფი ფულადი გადარიცხვის საშუალებით შემოტანილი თანხებიც, რომელიც რიგ შემთხვევაში, დაკავშირებული იყო საცხოვრებელი ადგილის ცვლილებასთან“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოში საშუალო ხელფასი 1 773 ლარამდე გაიზარდა – რომელ სფეროებშია მატება
მისი თქმით, 2022 წელი წარმატებული იყო საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მესამე კვარტალში, დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით (მშპ-ის 5.9%), რაც ისტორიული მაქსიმუმია. სამი კვარტლის ჯამურმა დეფიციტმა რეკორდულად დაბალი, 459.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 2.7 პროცენტი შეადგინა.
„2022 წელს წინასწარი შეფასებით, ველოდებით დეფიციტის შემცირებას მშპ-ის 3-3.5 პროცენტის ფარგლებში, რაც, ასევე, ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი დაფინანსების წყაროებიც, საიდანაც უმთავრესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო.
„გასულ წელს, ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, სადაც ევროკავშირის, ბრიტანეთისა და აშშ-ის წილი 72.6 პროცენტი იყო. პანდემიის დროინდელი კლების შემდეგ, ზრდა დაიწყო მთლიანმა ინვესტიციებმაც. წინასწარი შეფასებით, 2022 წელს მთლიანი ინვესტიციების თანაფარდობამ მშპ-სთან მიმართებით 22 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.