LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 78%-ს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სურს – IRI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

172
კვლევა

საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ სმენია, ცვლილების მომხრეა. ინფორმაციას IRI აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61% არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, IRI-ის ინფორმაციით, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩატარდა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. 

„არც ერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის, თუმცა, არსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით, რაც კვლავაც საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემად რჩება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. მასში მონაწილეობა მიიღო 1500-მა მაცხოვრებელმა 18 წლის ასაკიდან.

შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადების დღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები